პარტია "განახლებული საქართველოსთვის" რეგიონული სამსახურის უფროსის მოადგილეს ვალერი გაბელიას ბრალს სავარაუდოდ, თაღლითობის მუხლით წაუყენებენ.
როგორც "პირWელს" პარტიიდან აცნობეს, "განახლებული საქართველოსთვის" რეგიონული სამსახურის უფროსი გუშინ, 23 ივნისს, 17:00 საათზე ბახტრიონის ქუჩაზე ნათესავის სადარბაზოდან გამოსვლისას 7 უცნობმა, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირმა, ძალის გამოყენებით, ნაცრისფერი "ჯიპის" მარკის ავტომანქანით გაიტაცა.
როგორც პარტიის ოფისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე "განახლებული საქართველოსთვის" რეგიონული სამსახურის უფროსმა ლაშა გვასალიამ და ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სოსო გიორგაძემ განმარტეს, გაბელიას გატაცებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ მათ ტელეფონით სოდ-ის გამომძიებელი ესაუბრა, რომელმაც აცნობა, რომ გაბელია რუსთავში დაკითხვაზე მოწმის სტატუსით იმყოფებოდა.
მათივე ინფორმაციით, სოდ-ის გამომძიებელს არ დაუკონკრეტებია, თუ რა საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობდა დაკავებულის დაკითხვა და რა იყო მისი დაკავების მიზეზი.
"განახლებული საქართველოსთვის" წევრები აცხადებენ, რომ "ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლაში უკანონო ქმდებების მთელ კასკადს ახორციელებს და ცივილიზებული სამყაროსთვის გაუგონარ ნორმებს იყენებს".
"სურვილის შემთხვევაში, თუ ამ კონკრეტულ უწყებას ჰქონდა კითხვები დაკავებულ ვალერი გაბელიასთან, მათ თავისუფლად შეეძლოთ წერილობითი ფორმით ეცნობებინათ მისთვის ამის შესახებ და არა იმ ყაჩაღური მეთოდებით, როგორც მათ განახორციელეს ეს დაკავება", - განაცხადა ლაშა გვასალიამ.











