World Socialist Web Site-ის შეფასებით, "კავკასიაში, სადაც აშშ-ის გეოპოლიტიკური ინტერესები რუსეთის და ირანისას - ეჯახება, ომის საფრთხე იზრდება".
ამის შესახებ წერს მიმომხილველი კლარა ვეისი სტატიაში, რომლის ქართულ ვერსიას Foreignpress აქვეყნებს.
"მთიანი ყარაღახის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომის საფრთხე მატულობს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, 4-6 ივნისს სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ვიზიტისას, ცეცხლზე ნავთი დაასხა. მთიანი-ყარაბახის ტერიტორიაზე პრეტენზია ორივეს - სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც აქვს. ამ ტერიტორიის გამო დავა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განახლდა. სამხედრო კონფლიქტი 1980-იანი წლების ბოლოდან და ორივე ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გრძელდება. 1991-1994 წლების ომის დროს 25 000 ადამიანი დაიღუპა, მილიონზე მეტი კი დევნილი გახდა. რეგიონი, რომელიც დღეს ძირითადად სომხებით არის დასახლებული, საერთაშორისო სამართლის თანახმად აზერბაიჯანს ეკუთვნის, შესაბამისად, სომხეთის მიერ ოკუპირებულად ითვლება. ორივე ქვეყანა დღემდე ოფიციალურად საომარ ვითარებაშია. 2010 წლიდან შეტაკებების რიცხვი საზღვარზე იზრდება. რეგიონში ჰილარი კლინტონის ვიზიტს კონფლიქტის ახალი ესკალაცია მოჰყვა. ივნისის დასაწყისიდან, ოცი სომეხი და რვა აზერბაიჯანელი, მათ შორის სამოქალაქო პირი დაიღუპა. ამერიკა და ევროპა ამ კონფლიქტს რეგიონზე რუსეთის გავლენის ჩასახშობად იყენებენ, მაგრამ ამ შემთხვევაში ისინი შეთანხმებულად არ მოქმედებენ. მაშინ როდესაც საფრანგეთი მხარს უჭერს სომხეთს, რომელსაც რუსეთის მხარდაჭერაც აქვს, აშშ აზერბაიჯანთან, თურქეთთან და საქართველოსთან მჭიდროდ თანამშრომლობს და იმავდროულად, სომხეთის მომხრობასაც ცდილობს", ნათქვამია სტატიაში.
ამასთან, ვეისის განცხადებით, რუსეთის და ირანის საზიანოდ ამერიკამ საკუთარი გავლენა ამ რეგიონზე 1990-იანი წლებიდან გაავრცელა.
"კერძოდ, 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“ საქართველოში ამმხრივ გარდამტეხი იყო. აზერბაიჯანი და საქართველოც ამერიკის ახლო მოკავშირეები არიან და ვაშინგტონის სამხედრო რესურსებით არიან შეიარაღებული. ორივე ქვეყანა ე.წ. "სამხრეთ დერეფანს" განეკუთვნება, რომლის მილსადენების მეშვეობითაც რუსეთის გვერდის ავლით ევროპას კასპიის რეგიონიდან გაზი და ნავთობი მიეწოდება. შეერთებული შტატები დღემდე ცდილობს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განახლებული სამხედრო კონფლიქტი თავიდან აიცილოს, რადგან ამ ორ ქვეყანას შორის ომმა შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ამერიკის და ევროპის ინტერესებს და რუსეთთან და ირანთან სერიოზული კონფრონტაცია გამოიწვიოს", - წერს სტატიის ავტორია.
ამ თემას კლინტონის კავკასიაში ვიზიტის დროს The New York Times-იც გამოეხმაურა.
"ამერიკა და ევროპა მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მეორე პლანზე შენარჩუნებას ვეღარ შეძელებენ. ამმხრივ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ქვეყნის შიგნით ზეწოლის ქვეშაა, რაც მას მოქმედებისკენ უბიძგებს, მაგრამ ევროპამ და ამერიკამ ის შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე, კერძოდ უფრო ფართომასშტაბიან რეგიონულ ომზე უნდა გააფრთხილონ. ამ ამბავს შეიძლება, აზერბაიჯანში ენერგეტიკული ინვესტიციები და ევროპისკენ მიმავალი მთავარი გაზსადენი "ნაბუქო" შეეწიროს", - აღნიშნავს The New York Times.
World Socialist Web Site-ის შეფასებით, "მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დაძაბული ურთიერთობა, ისევე როგორც ირანის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატების და ისრაელის საომარი მზადება, კავკასიის რეგიონში ომის გაღვივების საშიშროებას ქმნის, რაც შესაძლოა, ზესახელმწიფოებს შორის კონფლიქტში სწრაფად გადაიზარდოს".
"რუსეთმა, რომელსაც კავკასიაში ერთადერთი სამხედრო ბაზა სომხეთში აქვს, ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, ომის შემთხვევაში ის ერევანს დაეხმარება. რუსეთის თვითმფრინავები სომხეთის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიან წვრთნებს ატარებენ. სავარაუდოდ, ირანიც სომხეთის მხარეს დაიჭერს. ამერიკის შეერთებული შტატები, სავარაუდოდ, მხარს აზერბაიჯანს დაუჭერს. აზერბაიჯანი არამხოლოდ მნიშვნელოვანი ენერგომომმარაგებელი და სატრანზიტო დერეფანია ცენტრალური აზიისთვის და კასპიის გაზისთვის, არამედ მას უდიდესი სამხედრო და სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ისრაელი და შეერთებული შტატები მის ფლოტს და არმიას სისტემატიურად აიარაღებდნენ, ამზადებდნენ რა ირანის წინააღმდეგ ომისთვის. ბაქომ შეერთებული შტატების ომს ერაყში, კოსოვოსა და ავღანეთში უკვე მხარი დაუჭირა. ნატო-ს ჯარების დაახლოებით, ერთი მესამედი ავღანეთში კასპიის რესპუბლიკის გავლით გადაადგილდება", - წერს World Socialist Web Site.
მისივე ინფორმაციით, კლინტონის ვიზიტმა საქართველოში კიდევ უფრო გაამწვავა რუსეთთან დაძაბულობა, რადგან მან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისთვის შეთავაზებული ე.წ. ნეიტრალური პასპორტები აღიარა.
ნინო ჩიჩუა












