6 აგვისტოს ჩელიაბინსკის ოლქში კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის ქვეყნების სამხედრო წვრთნები იწყება, რომელშიც რუსეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ მონაწილეობას. სწავლების თემა "ერთობლივი ოპერაციის მსვლელობისას საბრძოლო ქმედებების მომზადება და წარმოება" იქნება. იმის შესახებ, თუ რა სახის სარგებლი შეიძლება, მოუტანოს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს ინტეგრაციამ "Новые известия"-ს პოლიტიკური ინფორმაციის ცენტრის დირექტორი ალექსეი მუხინი ესაუბრა.
- როგორ ფიქრობთ, რუსეთისა და ბელორუსიის სამოკავშირეო სახელმწიფოს ერთიანი ცენტრი და ლიდერი ეყოლება?
- სავარაუდოდ, კი. სამოკავშირეო სახელმწიფოს პრეზიდენტი და ლიდერი რუსეთის პრეზიდენტი და ლიდერიც იქნება.
- ანუ, ბელორუსიისა და ყაზახეთის პრეზიდენტები დაქვემდებარებულის მდგომარეობას დათანხმდებიან?
- ისინი შესაძლოა, ვიცე-პრეზიდენტები გახდნენ, თუ ფანტაზიას დავიხმართ.
- ეს იქნება არა სამოკავშირეო სახელმწიფო, არამედ ახალი სახელმწიფო?
- რუსეთის იმპერიის ან სსრკ-ის აღორძინება, მთელი თავისი შესაბამისი სტრუქტურებით.
- ეს შეიძლება, მთელი დსთ-ის მასშტაბამდე გადაიზარდოს?
- რატომაც არა? ახლა გაერთიანების შესახებ განხილვაც კი საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკების ხელმძღვანელებისთვის ძალიან მტკივნეულია. ისინი უკვე 20 წელია, მიეჩვიენ ავტონომიურად არსებობას და თავს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად თვლიან. სხვა საქმეა, რომ გაერთიანების გარეშე პრეფერენციაც ასევე მცირე არ არის. რუსეთი ხომ ახალი სსრკ-ის ფარგლებში ყველა რესპუბლიკას გაერთიანებას არ აიძულებს, მან მხოლოდ უნდა შესთავაზოს.
- და რუსეთი ზესახელმწიფოს სტატუსს დაიბრუნებს?
- უნდა ვივარაუდოდ. საერთოდ, ინტეგრაციის პროცესი არამხოლოდ დიდ შიდა სირთულეებს, არამედ საგარეო სირთულეებსაც მოიცავს. მაგალითად, ანგელა მერკელმა პირდაპირი ტექსტით განაცხადა, რომ ევროკავშირი ჩვენი საბაჟო კავშირით (რუსეთი, ბელორუსია, ყაზახეთი) უკმაყოფილოა.
- რაში შეუშალა მას ამ კავშირმა ხელი?
- იმაში, რომ კონკურენტია. რუსეთი, რომელიც ბელორუსიასა და ყაზახეთთანაა გაერთიანებული, გაცილებით გავლენიანი ეკონომიკური სუბიექტია, ვიდრე ცალკე რუსეთი, ყაზახეთი ან ბელორუსია. რაც შეეხება, კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციას (რუსეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, სომხეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი), ეს ჯერჯერობით მხოლოდ ფორმალური ორგანიზაციაა და მისი ერთადერთი ფუნქცია – პოსტსაბჭოთა სივრცეში ლეგალური მეთოდებით, რუსული სამხედრო გავლენის განხორციელებაა.
- მართალია თუ არა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნები გაერთიანებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუ იქ ის ავტორიტარული ლიდერები შენარჩუნდებიან, რომლებიც ახლა არიან?
- არა, მე რეჟიმსა და გაერთიანების პროცესს არ დავუკავშირებდი, რადგან ეს სუვერენული სახელმწიფოა და მათი საქმეა, როგორ ირჩევენ ხელმძღვანელობას და რუსეთთან საერთაშორისო ურთიერთობის რა ფორმით შედიან. თითოეული რესპუბლიკისთვის ჰიპოთეტურ კავშირში გაერთიანება წმინდა ინდივიდუალური იქნება. ავტორიტარული სახელმწიფო გაცილებით ოპერატიულად გაწევრიანდება. დემოკრატიულ სახელმწიფოში ელიტის რამდენიმე ჯგუფი არსებობს, რომლებმაც შესაძლოა, ამ პროცესს ხელი შეუშალონ და ხელისუფლება ამით ისარგებლებს, რათა ივაჭროს და რაღაც პრეფერენცია მოიპოვოს.
- ე.ი. არსებობს კანონზომიერება იმაში, რომ საქართველოსა და უკრაინასთან ჩვენ არ ვმეგობრობთ, ბელორუსიასა და ყაზახეთთან კი ვმეგობრობთ?
- თუ ხვალ მიხეილ სააკაშვილი გადაწყვეტს, რომ მსგავს კავშირში გაწევრიანება მისთვის მომგებიანი და სასარგებლოა, მაშინ საქართველო მასში ბელორუსიაზე ადრე შევა.
- რატომაა, რომ რიგი პოსტსაბჭოთა ქვეყნები ავტორიტარიზმიდან ვერაფრით გამოვიდნენ?
- ვფიქრობ, რომ ეს საბჭოთა კავშირის თანდაყოლილი ტრავმაა, რომელმაც მმართველობის ასეთი სტილი ჩამოაყალიბა. გასაგებია, რომ ელიტები, რომლებიც 1990 წლებში ამ რესპუბლიკების ხელისუფლებებში მოვიდნენ, მისი დათმობისთვის სხვადასხვა მიზეზებით მზად არ არიან. დსთ-ის ქვეყნებში დემოკრატიზაციის მიმართ ტენდენციები არ არსებობს. თუ ის რამდენიმე საუკუნის განმავლობაში არ ჩამოყალიბდა, მაშინ რატომ უნდა მოხდეს ეს ბოლო ათწლეულის მანძილზე? ისტორიულად ეს სახელმწიფოები სახანოები არიან, რომლებიც მხოლოდ ერთ – მმართველობის პირამიდულ სისტემას იყენებენ.
- ამავე მიზეზით ისინი ნედლეულზე დაფუძნებული ეკონომიკის მოდელიდან არ არ გადადიან?
- თითოეულ ქვეყანას აქვს ეროვნული პროდუქტი, რომელიც მისთვის საფირმოა. მაგალითად, რუსეთს აქვს ნავთობი და გაზი, აშშ-ს კი ფული. ამ თვალსაზრისით, აშშ ასევე ნედლეულის სუპერიმპერიაა, მხოლოდ ის ფულს აწარმოებს. ეს ნედლეულია, რომელსაც აშშ-ის შეიარაღებული ძალები ყველა სხვა ქვეყანასთან შეძენასა და გამოყენებაში სავალდებულოს ხდიან. სხვა ქვეყნებს ნაკლებად ძლიერი შეიარაღებული ძალები ჰყავთ, ამიტომ მათ ეს არ გამოსდით.
- თავისთავად მსგავს მოდელს ბევრი სუსტი მხარე აქვს...
- როგორც პრაქტიკა აჩვენებს, მაღალტექნოლოგიური ეკონომიკა, რომელიც ნედლეულზე არ არის დაფუძნებული, მაგალითად, იაპონური, ასევე კრიზისს ექვემდებარება. მეჩვენება, რომ იაპონური ეკონომიკა გაცილებით უარესია, ვიდრე რუსული.
- რუსეთისთვის საერთოდ თუ აქვს აზრი ყოფილ რესპუბლიკებთან პოლიტიკურ ინტეგრაციას?
- რუსეთის წინაშე საბჭოთა ეკონომიკური ინფრასტრუქტურის აღდგენის ამოცანა დგას. მხოლოდ ის აძლევდა ყოფილი საბჭოთა კავშირის მოსახლეობას ნორმალურ ეკონომიკურ დონეზე არსებობის საშუალებას. ის საუკუნეების მანძილზე შენდებოდა და 1991 წელს დანაწევრება მოხდა. თუ თქვენ ხელს მოგაჭრიან, ინვალიდი იქნებით, ამ ტერიტორიების გამთლიანება ბუნებრივი პროცესია. 1917 წლის რევოლუციაც სახელმწიფო გადატრიალება იყო. მას გარდაუვალი აღდგენა მოჰყვა და არა 20 წლის შემდეგ, არამედ 1922 წლიდან.
- და ახლა მისი აღდგენა საყოველთაო კეთილდღეობამდე მიგვიყვანს?
- ვინ იცის... უნდა ვცადოთ.
მაკა ბრეგვაძე
საინფორმაციო სააგენტო "პირWელი"












