ინტერვიუ "ემიგრანტები დემოკრატიული საქართველოსათვის, საბერძნეთის" წარმომადგენელ გიორგი ოკრიბელაშვილთან.
- საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღად მიმდინარე წლის 1 ოქტომბერი გამოაცხადა. როგორ ფიქრობთ, რამდენად ოპტიმალური თარიღია?
- მოდით, დავფიქრდეთ რას ნიშნავს პრეზიდენტის მიერ ამ დღის არჩევა. ამისათვის ჩავიხედოთ კალენდარში და ვნახავთ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერი ორშაბათია. მერე რაო იტყვის მავანი, იგივე პრეზიდენტის ბრძანებულებით ეს დღე გამოცხადდება არასამუშაო დღედ და საქართველოს მოქალაქეებს წყნარ ვითარებაში და რაც მთავარია, კონსტიტუციურ ვადებში მიეცემათ საშუალება მიიღონ მონაწილეობა "უპრეცედენტოთ გამჭვირვალე, დემოკრატიულ და თავისუფალ" არჩევნებში. ეს ყველაფერი სრული სიმართლე იქნებოდა ერთი გარემოება რომ არ არსებობდეს. დღეს საქართველოს მოქალაქეების ანუ 25%, (მიგრაციის მსოფლიო ასოციაციის მონაცემებით 1300000 მოქლაქე) ცხოვრობს და მუშაობს საზღვარგარეთ, სადაც მართალი რომ გითხრათ, სულ არ აინტერესებთ რა ბრძანებულებას გამოსცემს საქართველოს პრეზიდენტი და რა დღეს გამოაცხადებს უქმედ. ამას სხვას ვერაფერს დავარქმევთ თუ არ უგუნურობას (არ გვინდა, დავიჯეროთ, რომ საქართველოს ხელისუფლება მართლა თვლის რომ ემიგრანტები არ უნდა მონაწილეობდნენ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში). დიახ, უგუნურობაა, როცა იცი, რომ შენი მოქალაქეების 25% არ ცხოვრობს სამშობლოში და მათ არჩევნებს ორშაბათ დღეს უნიშნავ, თანაც აცხადებ, რომ შენთვის თითოეული მოქალაქის მონაწილეობა არჩევნებში მნიშვნელოვანია. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს!
- როგორც ცნობილია, ემიგრანტებმა საკონსულო რეგისტრაციასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება გააპროტესტეს, რომელიც შემდეგ შეიცვალა კიდეც. როგორ ფიქრობთ, ეს ცვლილება საკმარისია იმისთვის, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირება აღარ გაუჭირდეთ?
- მოდით, უფრო ჩავუღრმავდეთ ამ პრობლემას და ვიფიქროთ, რატომ კეთდება ყველაფერი იმისათვის, რომ ემიგრანტს მაქსიმალურად გაუჭირდეს არჩევნებში მონაწილეობის მიღება და რა შეიძლება, მოყვეს ასეთ უგუნურ გადაწყვეტილებებს.
როგორც მოგეხსენებათ, ემიგრანტებისათვის საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებში მოხვედრის ერთად ერთი ლეგალური გზა არის საკონსულო რეგისტრაციის გავლა ადგილსამყოფელი ქვეყნის საკონსულო სამსახურში. აგრეთვე საკონსულო სამსახურებში დარეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობაზეა დამოკიდებული ის, თუ რამდენი უბანი გაიხსნება ამა თუ იმ ქვეყნის ტერიტორიაზე და ასევე მნიშვნელოვანია, სად გაიხსნება ეს უბნები. მოდით, გავიაროთ საკონსულო რეგისტრაციის საკითხები საბერძნეთში მცხოვრები მოქალაქეების მაგალითებზე. (ყველაზე პესიმისტური გათვლით, დღეს საბერძნეთის რესპუბლიკაში ლეგალის და არალეგალის სატატუსით საქართველოს 150000 მოქალაქე ცხოვრობს). საკონსულო რეგისტრაციის გავლის 3 გზა არსებობს: მიხვიდე საქართველოს საკონსულოში და გაიარო რეგისტრაცია, ისარგებლო სამოქალაქო რეესტრის ონლაინ მომსახურეობით, ინტერნეტით გააკათო განაცხადი რეგისტრაციაზე, შემდეგ კი ბარათის მისაღებად ისევ მიაკითხოთ საკონსულოს ან ფოსტის საშუალებით გაუგზავნოთ საკონსულოს დოკუმენტები და ამის შემდეგ ბარათის მისაღებად მიხვიდეთ საკონსულოში. როგორც ხედავთ, სამივე შემთხვევაში მოქალაქეს საკონსულო სამსახურში ფიზიკურად მისვლა სჭირდება. სწორედ ესაა პირველი დაბრკოლება: საქმე იმაშია, რომ საკონსულო სამსახური მოქალაქეთა მიღებას მხოლოდ სამუშაო დღეებში და თანაც დილის საათებში ახორციელებს. ამ დღეებში კი საქართველოს მოქალაქეები მუშაობენ და ფიზიკურად ვერ ახერხებენ მისვლას. მას შემდეგ, რაც გამოცხადდა, რომ საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის შემოდგომაზე დაიგეგმა, უცხოეთში (კერძოდ საბერძნეთში) მცხოვრებმა საქართველოს უამრავმა მოქალაქემ გადაწყვიტა დამდგარიყო საკონსულო აღრიცხვაზე. შესაბამისად. მოიმატა განცხადებების ოდენობამაც, მაგრამ 2012 წლის 11 ივლისს საგარეო საქმეთა მინისტრმა საკუთარი ბრძანებით N158 შეცვალა იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელიც მოქალაქემ აუცილებლად უნდა წარუდგინოს საკონსულო სამსახურს რეგისტრაციის გასავლელად. ამ ჩამონათვალში გაჩნდა დ პუნქტი, რომელიც ითხოვს, რომ მოქალაქემ წარადგინოს ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან უცხოეთში. ამ ერთი თითქოს უმნიშვნელო შესწორებით, ეჭვქვეშ დადგა სრულიად ემიგრაციის (მიუხედავად სტატუსისა) არჩევნებში მონაწილეობის საკითხი, რადგან ბევრ ქვეყანაში ასეთი ცნობა უბრალოდ, არ არსებობს. სწორედ ამიტომ, ემიგრანტების არასამთავრობო ორგანიზაციების ზეწოლის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა ახალი ბრძანებით N173 შეარბილა მოთხოვნა და განმარტა, რომ მიიღებს სხვა აღიარებულ დოკუმენტსაც. ამით თითქოს, გამოსწორდა ლეგალური სტატუსის მქონე მოქალაქეთა მდგომარეობა, მაგრამ მინდა, ავღნიშნო რომ ესაა ზღვაში წვეთი. დღეს კვლავ არ არსებობს არანაირი გზა რომ არალეგალურად მყოფმა მოქალაქემ გაიაროს რეგისტრაცია. იგივე ცვლილებები შეეხო ონლაინ მომსახურებასაც, რომელიც თავისი ტექნიკური მოთხოვნებით იმდენად რთული იყო, რომ კომპიუტერის მოყვარულ მოხმარებელსაც კი უჭირდა რეგისტრაცია. კერძოდ, მოთხოვნილი სურათის პარამეტრები იმდენად რთული იყო რომ მისი ატვირთვა შეუძლებელი იყო, აგრეთვე ძალიან დიდ დროს იკავებდა ვიზუალური გასაუბრება სააგენტოს წარმომადგენელთან (საშუალოდ ერთი რეგისტრაცია იკავებდა 1-2 საათს). მიუხედავად ამის, იმის გათვალისწინებით, რომ საკონსულოს სამუშაო საათები და მისი ადგილმდებარეობა სრულიად არ შეესაბამება მოთხოვნებს, ეს გზა რჩებოდა სერიოზულ ინსტრუმენტად მოქალაქეებისთვის, მაგრამ ახლა ეს პროცედურა ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა, რადგან საჭიროებს სპეციალურ ტექნიკურ აღჭურვას.
- თქვენი აზრით, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების რა რაოდენობა ვერ შეძლებს, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
- გვინდა, გულისტკივილით ავღნიშნოთ რომ აღნიშნული პროცედურის გართულებამ გამოიწვია ის, რომ უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეთა 70% მომავალ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, ისინი, ვინც არალეგალურად არიან უცხოეთში, განსაკუთრებით ეს ცვლილებები შეეხებათ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი, აშშ და კანადა, არადა სწორედ ამ ქვეყნებშია კონცენტრირებული საქართველოს ემიგრაციის დიდი ნაწილი და ჩვენი გამოცდილება აჩვენებს, რომ ესაა ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები. ასევე სიტუაციას უკიდურესად ართულებს არჩევნების თარიღად ორშაბათი დღის გამოცხადება. ყოველივე ზემოთ თქმულიდან უკვე აშკარაა, რომ 2012 წელს ჩასატარებელი არჩევნების დემოკრატიულობა ეჭვქვეშ დგება და აუცილებელია ამ საკითხზე სერიოზული მსჯელობა გაიმართოს როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში.
თეა მიროტაძე
საინფორმაციო სააგენტო "პირWელი"












