ინტერვიუ ანტიკრიზისული საბჭოს ექსპერტთან სამართლებრივ საკითხებში, ადვოკატ ლევან ადეიშვილთან.
- ქვეყანა ფაქტიურად, საარჩევნო რეჟიმზე გადადის. რამდენად ელით ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და თუ გავითვალისწინებთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის აქცენტებს ამ კუთხით, რამდენად ხელს შეუწყობს ან ხელს შეუშლის ნორმალური არჩევნები ქვეყნის შემდგომ განვითარებას?
- მინდა, გითხრათ, რომ თავისუფალი არჩევნები თავის კვალს ტოვებს და ავითარებს ტენდენციას დემოკრატიული პროცესების დაჩქარებისკენ და ქვეყნის განვითარებისაკენ. არჩევნების დროს წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმების, საკონსტიტუციო სამართლებრივი სისტემის, სასამართლო სისტემის, სახელმწიფო ინსტიტუტების, საარჩევნო კანონმდებლობის ანუ ქვეყნის რეჟიმის გამოცდა ხდება. ჩატარებული არჩევნები იმის მანიშნებელია, რომ რეფორმები რეალურად და სწორი მიმართულებით ხორციელდებოდა თუ არა. დემოკრატიული ღირებულებების ქვეყნებში არჩევნებიდან არჩევნებამდე კიდევ უფრო იხვეწება საარჩევნო კანონმდებლობა და პროცედურული დეტალები თუ რასაკვირველია ასეთი საჭიროება არსებობს. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში მცნება - საარჩევნო დანაშაული არ არსებობს და შესაბამისად, დანაშაულის პრევენციისათვის არც სპეციალური მუხლები არსებობს. განსაკუთრებული შემთხვევაა გარდამავალი დემოკრატიული ქვეყნები, სადაც ფაქტობრივად და ფორმალურად მოქმედებს კონსტიტუცია და კანონმდებლობა, რომელიც შესაძლებელია პასუხობდეს კიდეც საერთაშორისო სტანდარტებს. ასეთ სიტუაციებში განხორციელებული რეფორმების დროს მსოფლიოში პოლიტიკური ძალები ხშირად მიდიან კანონმდებლობის აქტუალიზაციის გზით. ეს კი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და თავისუფალი არჩევნების სურვილის გარეშე შეუძლებელია. ჩვენ აუცილებლად უნდა ჩავატაროთ სამართლიანი არჩევნები, ხოლოPდეპუტატს, რომელსაც ავირჩევთ, მიმაჩნია, რომ ელემენტარულად უნდა გააჩნდეს სურვილი, თავისი გადაწყვეტილებებით სასარგებლო იყოს ქვეყნისთვის - ეს არის პოლიტიკოსის მთავარი მოვალეობა. გულწრფელობა და სიმართლე ქართულ საზოგადოებაში ორიგინალობის ნიშანი არ უნდა გახდეს და გულწრფელი ადამიანი საქართველოში კარგი ყოფაქცევის და აღზრდის მწვერვალი. ამიტომ მგონია, რომ პოლიტიკოსებმა საზოგადოებაში დაპირებებით იმედის ინფლაცია არ უნდა გამოიწვიონ, ხოლო არჩევნებში ხმის მიცემის დროს, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებთ და არჩევანს გავაკეთებთ, უნდა გავიგოთ, რომ იმ ქვეყანაში, სადაც არჩეულ პოლიტიკოსებს ცოდნა და გამოცდილება აკლიათ, საზოგადოებას და სახელმწიფოს შემდგომში ყველაფერი აკლია და იმისათვის, რომ ქვეყანა განვითარდეს და ჩვენ წარმატებას მივაღწიოთ, უნდა შევინარჩუნოთ არსებითი და საუკეთესო, რაც ოდესმე გქონია და ცხოვრებას საფუძვლად დავუდოთ პროგრესის იდეა, ანუ პიროვნების გონებრივი და ზნეობრივი განვითარება და საზოგადოებაში სამართლიანობის და თანასწორობის დანერგვა.
- ბოლო პერიოდში, პოლიტიკური ნიშნით სხვადასხვა სამსახურებიდან დათხოვნის ფაქტების შესახებ ხშირად გვესმის. რამდენად ქმნის ეს სამართლიანი არჩევნების ჩატარების წინაპირობას და სამართლიან გარემოს?
- ჩვენ უნდა მოვერიდოთ იმას, რაც ჩვენთვის მიუღებელია და უნდა გავიგოთ, რომ სირცხვილი ხანდახან იმას გვიკრძალავს, რასაც შეიძლება, კანონი არ კრძალავდეს. მე მოვუწოდებ პროკურატურის ორგანოებს, სათანადო კონტროლზე აიყვანონ ასეთი ფაქტების გამოძიება, გარდა იმისა, რომ ასეთი შემთხვევები თანამდებობრივ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, თანაც მოგეხსენებათ, ეს მცნება ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებებით კიდევ უფრო საგრძნობლად გაფართოვდა და კიდევ უფრო მეტ სუბიექტს შეეხო. თქვენს მიერ დასახელებული ქმედებები შეიძლება, მოიცავდეს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლებს. გარდა აღნიშნულისა, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვისათვის არსებობს სისხლის სამართლის კოდექსში 156 მუხლი: დევნა ანუ ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით - ანუ დევნის ერთერთი ფორმაა მისთვის სამუშაოზე მიღებაზე უარის თქმა, სამუშაოდან უკანონო დათხოვნა, მეცნიერულ მოღვაწეობაში დაბრკოლებათა შექმნა, მაგალითად, პრემიის მიუცემლობა ან დაწინაურებაზე უარის თქმა, ან სხვა ხერხებით პიროვნების დევნა, რაც სისხლის სამართლის დასჯადი ქმედება გახლავთ. გარდა აღნიშნულისა, არსებობს აღნიშნული ქმედებების წინააღმდეგ მოქმედი სხვა სპეციალური ნორმები, ასე რომ კანონის ამოქმედების შემთხვევაში აღნიშნული ქმედებების აღკვეთას და პრევენციას ნამდვილად არ სჭირდება სხვადასხვა მოწოდებები და ერთობლივი განცხადებები.
- თქვენ კიდევ სხვა სპეციალური მუხლები ახსენეთ
- ჩვენ დაგვავიწყდა, რომ სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს სპეციალური მუხლები, რომლებიც ფაქტიურად უმოქმედოა. მიმაჩნია, რომ შრომის კანონმდებლობის და ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით დისპოზიციის და სანქციის ნაწილებში ეს მუხლები გარკვეულ ცვლილებებს და მოდერნიზაციას საჭიროებს და კარგი იქნებოდა თუკი სისხლის სამართლის რეფორმების კომისია დაინტერესდებოდა ამ საკითხის შესწავლით და ჩვენც მზად ვართ, თანამშრომლობისთვის. მაგალითად, შრომის თავისუფლების ხელყოფა, ანუ ნებისმიერი სახის კანონიერ შრომით საქმიანობისათვის ხელის შეშლა ძალადობით ან ძალადობის მუქარით, აგრეთვე მუხლით პასუხისმგებლობა დგება პიროვნებისათვის ხელოვნური დაბრკოლებების შექმნის ან მის საქმიანობაში ჩარევის შემთხვევაში ამ დანაშაულის მოტივაცია შეიძლება, იყოს სხვადასხვა თუნდაც არასწორად გაგებული სახელმწიფო ინტერესი ან შურისძიება და სხვა ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს მუხლი შრომის კანონმდებლობის დარღვევა, ბუნებრივია, მუხლში იგულისხმება განზრახი ქმედებები კანონმდებლობის დარღვევის მოქალაქეთა სამუშაოდან უკანონო დათხოვნა ან შრომის კანონმდებლობის არსებითი დარღვევა ან სამუშაოზე აღდგენის სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა. ასე, რომ ვიდრე სასამართლოს მივმართავდეთ, კარგად უნდა დავფიქრდეთ, ხომ არ ჰქონდა ადგილი ჩემს მიერ დასახელებულ დანაშაულის ნიშნებს, რადგან მოხდეს განცხადებით მიმართვა პროკურატურის ორგანოებისადმი.
-და ბოლოს, რადგან თავისუფალი არჩევნების თემას შევეხეთ დამეთანხმებით ალბათ, არჩევნები თავისუფალი მედიის გარეშე ძნელი წარმოსადგენია.
- გეთანხმებით, არჩევნები თავისუფალი მედიის გარეშე, როგორც თავისუფალი სასამართლოს გარეშე ძნელი წარმოსადგენია და მართლაც ძნელი ჩასატარებელია. მინდა, დავადასტურო ჩემი სიმპატიები სააგენტო “პირWელის” და სხვა ობიექტური პრესის დაწესებულებების და ჟურნალისტების მიმართ, რომელთა დამსახურებაცაა მრავალმხრივი და ობიექტური ინფორმაციის არსებობა და მიწოდება საზოგადოებისათვის. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ სამწუხაროდ, ქვეყანაში ყოველდღიურად სულ უფრო მცირდება ტელევიზიების თუ მასმედიის სხვა საშუალებების რიცხვი, რომლებიც ნეიტრალურ, ობიექტურ და მრავალმხრივ ინფორმაციას აწვდიან საზოგადოებას და რაც მთავარია, არ წარმოადგენენ რომელიმე მხარეს. ქვეყანაში რეალური ცვლილებების დრო უნდა დადგეს და ბოლოსდაბოლოს უნდა ვისწავლოთ განსხვავებული აზრის მოსმენა, სიკეთის და აქედან გამომდინარე, შედეგის სხვების მოქმედებაში კი არა საკუთარ საქმეებში ძებნა და უნდა დადგეს დრო, როდესაც შევიგნებთ, რომ ღირსება და თავმოყვარეობა არ უნდა შევულახოთ ერთმანეთს. მე მაინც იმედი მაქვს, ჩვენ ჩვენი ქვეყანა ძალიან გვიყვარს, შინაგანად ზღაპრულად მდიდრები ვართ და მზად ვართ, სული და გული შევწიროთ საქართველოს და შევძლებთ ნორმალურად ჩავატაროთ არჩევნები.
საინფორმაციო სააგენტო “პირWელი”












