ინტერვიუ სამოქალაქო მოძრაობის “ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლის” დამფუძნებელთან და ლიდერთან, პროფესორ ნესტან კირთაძესთან.
- ცოტა ხნის წინ ოფიციალური ვიზიტით ევროპაში იმყოფებოდით. ვისთან გქონდათ შეხვედრები? რა იყო მთავარი სასაუბრო თემა და რა კონკრეტული შემოთავაზებები და წინადადებები მიიღეთ ევროპელი პარტნიორებისგან?
- ეს იყო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი. შეხვედრები ევროსაბჭოში და ევროპარლამენტში, ევროკომისიასა და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამინისტროში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ქეთრინ ეშტონის კაბინეტთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის გუიდო ვესტერველის კაბინეტთან გაიმართა. ასევე ევროპის წამყვან საერთაშორისო სტრატეგიულ და სამეცნიერო ცენტრებთან, ევროპის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში, ევროპის გეოპოლიტიკურ ფორუმთან და ა.შ. გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში, ვმონაწილეობდი ბრიუსელის საერთაშორისო წარმომადგნელობით კონფერენციაში - “ჩიკაგოს შემდეგ’’, რომელსაც ხავიერ სოლანა თავმჯდომარეობდა. ეს ორკვირიანი ოფიციალური ევროპული ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით დასრულდა, რომელიც ბრიუსელის მიწვევით მიმიდინარეობდა. სამოქალაქო მოძრაობა “ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლი”, მისი სამშვიდობო კონცეფცია, ინიციატივები და პროექტები ევროკავშირის სტრუქტურებმა და საერთაშორისო საექსპერტო საზოგადოებამ აღიარეს, როგორც უნიკალური და უპრეცენდენტო მთელს სამხრეთ კავკასიაში, როგორც სამშვიდობო-ინტეგრაციული პროცესების გამაერთიანებელი პლატფორმა და ლიდერი ორგანიზაცია რეგიონში. ევროპის წამყვან სტრატეგიულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებები გაფორმდა და სამოქალაქო მოძრაობა ‘’ქართულ-აფხაზური და ოსური სახლი’’ დასავლეთის პარტნიორობის ნაწილად იქცა.
- თქვენი ინიციატივით ბრიუსელში "ქართულ-ევროპული საერთაშორისო მოძრაობა’’ დაფუძნდა. ვის აერთიანებს აღნიშნული ორგანიზაცია? რა ფუნქცია და მიზანი აქვს ამ მოძრაობას?
- ეს 26 მაისს საქართველოსთვის მიძღვნილი ჩვენი საჩუქარია, რომელიც საქართველოს ევროპეიზაციის გზაზე თამამი, მამაცი და პრაქტიკული ნაბიჯია. ეს არის მაღალი საერთაშორისო სტატუსი, რომლის ლეგიტიმაციას ბელგიის მეფე, მისის უდიდებულესობა ალბერტ II აწერს ხელს და ამის შესახებ სპეციალურ დეკრეტს აქვეყნებს. ამით საერთაშორისო მოედანზე საქართველოს გზა ყველა მიმართულებით ეხსნება. ბრიუსელში გამგზავრებამდე ერთი თვით ადრე მთელს ევროპაში ქართული სახლების დაარსების ინიციატივით გამოვედი. კიდევ ვიმეორებ, ეს საქართველოს ევროპეიზაციისა და რეალური ევროინტეგრაციის გზაზე ძალიან თამამი პროექტია, რომელიც საქართველოსა და ევროპას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებისა და უვიზო მიმოსვლის დაჩქარებას, მაღალი სტანდარტების ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას და მის ევროპულ ბაზრებზე გატანას, ჩვენი ემიგრაციისათვის მრავალი მიმართულებით ხელშეწყობას, ევროპელი ინვესტორების მოზიდვას და საქართველოსა და ევროპელ ინვესტორებს შორის ერთგვარი საიმედო ხიდის ფუნქციის შესრულებას უზრუნველყოფს, ანუ განახორციელებს საქართველოს ინტერესებს მთელს ევროპაში. ცხადია, ეს ის საერთაშორისო მოედანი იქნება, რომელიც ქართველებსა და აფხაზებს და ქართველებსა და ოსებს შორის პირდაპირი დიალოგის ფორმატს შეუწყობს ხელს.
- თავად ემიგრანტები როგორ შეხვდნენ ამ მოძრაობის დაფუძნებას?
- როგორც კი ამ მოძრაობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ჩემს “ფეისბუქზე” უამრავი ემიგრანტის გამოხმაურება გაჩნდა, რომლებიც ამ ინიციატივას ღიად მიესალმნენ და ზუსტად გაიგეს, რომ ქართულ-ევროპული მოძრაობის შტაბ-ბინა ბრიუსელში და ოფისები მთელს ევროპაში მათთვის საკუთარ სახლებად იქცევიან, სადაც ისინი საკუთარი წარმატებების ან პრობლემების შესახებ ისაუბრებენ და ჩვენც შევეცდებით, რომ ყველას თავისი ინტერესების მიხედვით ხელი შევუწყოთ. მთავარია, ზუსტად ვიცოდეთ, რომ ემიგრაცია მხოლოდ საარჩევნო პროცესის პიარის ნაწილი ან საარჩევნო სტატისტიკა აღარ უნდა იყოს. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ მათ ღირსეულ არსებობას ადგილებზე და მათი ღირსეული დაბრუნებისთვის შესაძლებობების შექმნას.
- როდიდან დაიწყებს “ქართულ-ევროპული მოძრაობა” აქტიურ საქმიანობას?
- ჩვენი ევროპელი ადვოკატებისგან პროცედურები უკვე დაწყებულია. მას თავის ვადები აქვს. გულწრფელად გეტყვით, რომ ცერემონიის იმ დღის დადგომა, როდესაც ბელგიის მეფისგან აგრიმანი გადმომეცემა და როდესაც ჩვენ ევროპის დედაქალაქში სრულიად საქართველოსთვის პირველი შტაბ-ბინის პრეზენტაციას გავმართავთ, მეც ძალიან მეჩქარება. სავარაუდოდ, ეს სექტემბრის პირველ ნახევარში მოხდება.
- როგორც ცნობილია, “ქართულ აფხაზური და ქართულ-ოსური სახლის” კონცეფციისა და სამშვიდობო ინიციატივების საფუძველზე სექტემბერში ევროპარლამენტში ყველა მხარის, მათ შორის, რუსების მონაწილეობით საქართველოს კონფლიქტების თემაზე საერთაშორისო სამშვიდობო დიალოგი გაიმართება. თუ არის ცნობილი კონკრეტულად ვინ მიიღებს მონაწილეობას ამ დიალოგში და თქვენი შეფასებით, რა შედეგს მოუტანს ეს ყველაფერი საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან ურთიერთობის დალაგებაში?
- “ქართულ აფხაზური და ქართულ-ოსური სახლის” სამშვიდობო კონცეფცია და პროცესი ერთადერთი მიმართულებით მიდის - ეს არის ფორმატი “ხალხი ხალხისთვის”. სამშვიდობო კონფერენციას, რომელიც ბრიუსელში, ევროპარლამენტში გაიმართება და რომელზეც ყველა მხარე მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდება, ჩვენ ერთმანეთს კონკრეტულ მიმართულებებზე დაველაპარაკებით. წინასწარ მომზადებული პროგრამით მივხვდებით, თუ სადამდე მივდივართ ერთმანეთთან ურთიერთობებში, რა არის ის, რისი გადალახვაც არ შეგვიძლია და რა არის ის, რამაც უნდა დაასრულოს ჩვენს შორის 20-წლიანი სისხლიანი კონფლიქტი. დღესდღეობით არსებული მშვიდობა ძალიან მყიფეა. ერთ გაუზარებელ მოქმედებას კვლავ ხანძრის გაჩენა შეუძლია. ეს იქნება 2-დღიანი კონფერენცია. მეორე დღეს უკვე ევროპელი საერთაშორისო ექსპერტები დასხდებიან და მოლაპარაკებათა ამ რაუნდის შემდეგ რეკომენდაციების სახით რეალურ შედეგს დადებენ, თუ რა უნდა გააკეთოს როგორც ქართულმა და ასევე კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარემ. ეს იქნება თავად ევროპისთვის პირველი ძალიან საინტერესო აქტი და პროცესის დასაწყისი, ამიტომაც მას ადგილი ევროპარლამენტში ეთმობა. აღნიშნულ კონფერენციას შემდეგ უნდა მოჰყვეს სამშვიდობო პროცესის ყოველი ნაბიჯი ხალხთა შორის ურთიერთობებისა და ნდობის აღდგენისკენ, ჩვენი მშვიდობიანი თანაარსებობისა და თანაცხოვრებისკენ.
კონფერენციაში მხარეები წარმომადგენლობით დონეზე მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა კონკრეტულად ვინ, ამაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რაც შეეხება, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლობას, ამ დღეებში, ივნისის ბოლომდე მოსკოვში ჩემი ვიზიტი იგეგმება, რომელიც საფრანგეთის დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტისა და კიდევ ორი საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციტივით შედგება.
- უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რამდენი ხანს გაგრძელდება თქვენი ვიზიტი რუსეთში. კონკრეტულად ვის შეხვდებით და სამშვიდობო კონფერენციაში მონაწილეობის საკითხის გარდა, კიდევ რა იქნება მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტის ძირითადი თემა?
- ვიზიტის ფარგლებში როგორც პოლიტიკურ, ისე დიპლომატიურ ელიტასთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ოფიციალური შეხვედრები იგეგმება. მოსკოვის ვიზიტთან დაკავშირებით პირველი შემოთავაზება საფრანგეთის დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტიდან მივიღე, თუმცა მისი ორგანიზატორი კიდევ რამდენიმე ევროპული საერთაშორისო ორგანიზაციაა. როდესაც ჩვენ სამშვიდობო პროცესზე ვსაუბრობთ და კონფლიქტის მხარეებს ვეხებით, რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაცია არ უნდა გამოვრიცხოთ, რომელიც რეგიონის უმნიშვნელოვანესი აქტორია და მისი მონაწილეობის გარეშე ხანგრძლივ მშვიდობაზე, ურთიერთობების აღდგენაზე რეალური გადასახედიდან საუბარი ძნელად წარმომიდგენია.
- აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფატო ხელისუფლებების წარმომადგენლები თუ ფლობენ ინფორმაციას სამშვიდონო კონფერენციის მზადდების შესახებ და თუ გასჩენიათ მასში მონაწილეობის სურვილი?
- ეს საკითხი მზადების პროცესშია.
- საქართველოში ვიზიტად მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის სტატუს-ნეიტრალურ დოკუმენტებს აღიარებს. როგორ შეაფასებდით, აშშ-ის ამ გადაწყვეტილებას?
- ჰილარი კლინტონის ეს ინიციატივა ძალიან დაგვიანებულია. ეს რომ 2008 წლის აგვისტოს სისხლიან მოვლენებამდე ყოფილიყო, მაშინ სამართლებრივი, ფაქტობრივი და ემოციური რეალობაც სხვა იყო. ამ პროცესმა ძალიან დააგვიანა და ცოტა არ იყოს, როგორც სოხუმიდან, ასევე ცხინვალიდან მძიმე გამოხმაურებები მოჰყვა. თუმცა, ჩვენ ეს ინიციატივა თეორიულად დასავლეთის ცნობილი პოლიტიკის - არაღიარების, მაგრამ ჩართულობის ფორმატში უნდა განვიხილოთ.
- რაც შეეხება საშინაო პოლიტიკას, “ლეიბორისტული პარტიიდან” წამოსვლის შემდეგ თქვენ რამდენჯერმე შეხვდით კოლიცია “ქართული ოცნების’ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს, თუ გქონდათ მისგან შემოთავაზება, რომ მის პარტიაში გაწევრიანებულიყავით და თუ აპირებთ კვლავ აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას?
- "ლეიბორისტულ პარტიაში" ჩემი ყველა ადამიანური რესურსი და შესაძლებლობები ამოვწურე. გულწრფელად მახარებს, რომ ჩვენი ქვეყნისათვის ურთულეს წლებში, დღეებში, წუთებშიც კი ჩემი ხალხის გვერდით ვიდექი და სამართლიანობისა და ღირსებისათვის უანგაროდ ვიბრძოდი. ალალი და დაუყვედრებელი იყოს ეს ჩვენი ხალხისათვის, რომელიც სანაცვლოდ სიყვარულს არ მაკლებს. მიმაჩნია, რომ ახლა ახალი ეტაპია ჩვენი ქვეყნისათვის და ეს დინამიური პროცესი, რომლის მთავარ გმირად ხალხი იქცა, ქვეყანამ რეალური ღირსეული მომავლის მოპოვებისათვის უნდა გამოიყენოს. ნახეთ, რა ხდება. ხალხი უკვე მიტინგზე გამოსული ლიდერების ტაშის დამკვრელი და ფონის შემქმნელი კი არ არის, არამედ ახლა პოლიტიკური პროცესების თანამონაწილედ და მთავარ განმსაზღვრელად იქცა. ეს არის მთავარი. ეს შეუქცევადი პროცესი და მართლაც, ეტაპია. სამოქალაქო მოძრაობა “ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლი” სამშვიდობო და საერთო ეროვნული პროცესია, რომელიც მოქნილ დიპლომატიას, საერთაშორისო კონტაქტებს, მხარდაჭერას, რკინის ქალამნებს და ყოველდღიურ, დაუღალავ, ურთულეს შრომას მოითხოვს.
ბიძინა ივანიშვილთან ორჯერ მქონდა შეხვედრა, გვაქვს საქმიანი მიმოწერა და მეგობრული ურთიერთობა, თუმცა მისთვის ჩვეული გულწრფელობით კი მითხრა, რომ “მართლა ვერ წარმოვიდგენდი, თუ შენს წამოწყებას და ინიციატივებს ასეთი შესაძლებლობები, საერთაშორისო რეზონანსი და მხარდაჭერა ექნებოდაო”. ცხადია, იმის ამბიცია არ მაქვს, რომ ეს სამშვიდობო პროცესი ერთი ნესტან კირთაძის, ერთი სამოქალაქო მოძრაობის ან მხოლოდ უცხოელ კოლეგებთან პარტნიორობით გასაკეთებელია. ამ პროცესში ყველა, ვისაც როგორი ფორმით უნდა - საინტერესო პროექტებით, წინადადებებით, ფინანსური და მორალური მხარდაჭერით უნდა ჩაერთოს, რათა ამ საერთო ეროვნულ პროცესს ხელი ერთად შევუწყოთ. თუკი ევროპის უმსხვილესი ბიზნეს-კორპორაციის - IBM-ის პრეზიდენტმა ჰარი ვან დერენმალენმა სამშვიდობო პროცესების ხელშეწყობისათვის მზადყოფნა გამოხატა, თუკი გერმანიის მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები გამოხატავენ მზადყოფნას, რათა ამ პროცესში ჩაერთონ, რატომ არ უნდა გააკეთონ ეს საქართველოში და თანაც დიდი სიამოვნებით?! ასე რომ, ეს შესაძლებლობები ყველასათვის ღია და გახსნილია.
სხვათაშორის, შეკითხვა - წავა თუ არა ნესტან კირთაძე პოლიტიკაში, ევროპაშიც გაუჩნდათ. მათ ღიად მითხრეს, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესის დასაწყისი და ჩვენ ამას ვიღებთ, როგორც პრეცენდენტს მთლიანად სამხრეთ კავკასიაში და თქვენ გაქვთ სრული შესაძლებლობა იმისა, რომ მთელს რეგიონში სამშვიდობო-ინტეგრაციული პროცესების გამაერთიანებელ პალტფორმად იქცეთ, თუმცა პოლიტიკურ რანგში ასეთი ტიპის გადაწყვეტილების მიმღები და ხელმომწერი ადამიანებიც დაგვჭირდებაო.. ვნახოთ, ეს ჯერ კიდევ წინ არის. არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, თუმცა ცხადია, ასეთ ნაბიჯს არ გამოვრიცხავ. ახლა ბრიუსელში, მოსკოვში და სოხუმში ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტისთვის ვემზადები. ოცდაოთხსაათიან რეჟიმში ვმუშაობ, რომ ეს სამშვიდობო ინსტიტუცია და მოძრაობა ფეხზე მყარად დადგეს, როგორც შეუქცევადი პროცესი, რომელმაც ევროპაში აღიარება და მხარდაჭერა უკვე მოიპოვა.
ნათია რუხაძე
საინფორმაციო სააგენტო “პირWელი”












