აღსრულების ეროვნული ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ბესიკ ლილუაშვილის განმარტებით, "პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის კახი კალაძის მიმართ იძულებითი აღსრულების პროცედურები ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, 22 აგვისტოს დაიწყება".
"კალაძის მიმართ გუშინ საქმე სააღსრულებო წარმოებაში შევიდა, ამიტომ მას გადაეგზავნა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც ჯარიმის ნებაყოფლობით გადახდისთვის კიდევ 7 დღის ვადა ეძლევა. იძულებითი აღსრულების პროცედურები თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, 7 დღის შემდეგ დაიწყება", - განუცხადა "პირWელს" ლილუაშვილმა.
თავის მხრივ, კახი კალაძის ადვოკატის შალვა თადუმაძის განცხადებით, კალაძის მიმართს დაწყებული აღსრულების პროცედურა უკანონოა.
"კალაძის მიმართ დაიწყო აღსრულების პროცედურა, რაც უკანონოა, რადგან ეს პროცედურა უნდა დაწყებულიყო სასამართლოს მიერ დაჯარიმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებიდან 7 დღის ვადაში. აღსანიშნავია, რომ კალაძის ჯარიმას დაერიცხა ჯარიმის თანხის 7% და თანხის გადახდის ნებაყოფლობით ვადად განისაზღვრა 7 დღე. იმ შემთხვევაში, თუ კალაძე ამ თანხას არ გადაიხდის, იძულებითი აღსრულება დაიწყება", - განაცხადა თადუმაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კოალიციის სასარგებლოდ განხორციელებული უკანონო შემოწირულობის გამო, "ქართული ოცნების" ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ჯარიმის სახით 20 243 827 ლარის, კოალიციის წევრს კახი კალაძეს კი 16 944 960 ლარის გადახდა დაეკისრა.
კალაძე და ივანიშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოქმის საფუძველზე დაჯარიმდნენ.
აუდიტის სამსახური მათგან საკუთარი საბანკო ანგარიშიდან გატანილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვდა, რაც ივანიშვილმა და კალაძემ არ დააკმაყოფილეს, შესაბამისად, ისინი გატანილი ნაღდი ფულის ხუთმაგი ოდენობით დაჯარიმდნენ.
ინგა მურუსიძე











