ხვალ თბილისში კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს განყოფილების დამფუძნებელი კრება გაიმართება.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "ინტერფაქსი" ავრცელებს.
აზერბაიჯანულ დელეგაციას სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილე, მუფტი სალმან მუსაევი უხელმძღვანელებს. ღონისძიებაში საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოსა და აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ "კავკასიის მუსლიმთა სამმართველომ" გასული წლის მაისში საქართველოში "სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს" შექმნის გამო უკმაყოფილება გამოთქვა.
როგორც აზერბაიჯანული საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, "კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს" ცენტრი საბჭოთა კავშირის დროიდან ბაქოში მდებარეობდა, თუმცა ახლა ის საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებზე კონტროლს კარგავს და მოსკოვის საპატრიარქოს მსგავს სიტუაციაშია, რომლისგანაც მრევლი გარბის".
"ჩვენ საქართველოში "კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს" მსგავსი სტრუქტურის შექმნას უარყოფითად ვაფასებთ. სამმართველოს ხელმძღვანელობა ყოველთვის ბაქოში იყო და აზერბაიჯანელებისგან შედგებოდა, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით, "საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს" ხელმძღვანელობაში არცერთი აზერბაიჯანელი არ არის", - განაცხადა მაშინ "კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს" წარმომადგენელმა საქართველოში ალი ალიევმა და დასძინა, რომ "აზერბაიჯანელები აღნიშნულ სტრუქტურაში მეორეხარისხოვან თანამდებობებს იკავებენ".
ცნობისთვის, "სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო" გასულ წლის მაისში დაფუძნდა. მისი შექმნის მიზეზად მუსლიმანური საზოგადოების საქმიანობისა და მეჩეთების კონტროლი დასახელდა.
აღნიშნული ფუნქციები მანამდე "კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს" ეკუთვნოდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმანთა დიდი ნაწილი აზერბაიჯანელია, თუმცა არის მეორე ნაწილიც, რომელიც ძირითადად აჭარაში მცხოვრები მუსლიმებისგან, ასევე აღნიშნული სარწმუნოების აფხაზებისგან, ჩეჩნებისგან და სხვა ეთნიკური წარმოშობის მოქალაქეებისგან შედგება.
ნინო ჩიჩუა











