საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის ზაზა ჭელიძის განცხადებით, არ არსებობს ორი, თუნდაც მეზობელი ქვეყანა, რომლის ექსპორტ-იმპორტის მონაცემები ერთმანეთს ემთხვევა.
ამის შესახებ ჭელიძემ ჟურნალისტებს რამდენიმე დღის წინ საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, საქართველო აშშ-სთან ვაჭრობის მნიშვნელოვან ნაწილს მალავს.
“ჩვენ დამოუკიდებელი სამსახური ვართ და პოლიტიკაში არ ვერევით. ამ კვლევის პრეზენტაციას ჩვენი წარმომადგენელიც ესწრებოდა. მინდა, აღვნიშნო, რომ მსოფლიოში არ არსებობს ორი ქვეყანა, თუნდაც ერთმანეთის მეზობელი ქვეყნები, რომელთა ექსპორტ-იმპორტის ციფრები ერთმანეთს ემთხვევა. ეს ცვლილებები კი უპირველეს ყოვლისა, გამოწვეულია მეთოდოლოგიით. ასევე აღსანიშნავია, რომ აშშ-დან როცა ტვირთი მოდის, დანიშნულების ადგილად საქართველო იწერება, შესაბამისად, ექსპორტს საქართველოს უთვლიან, თუმცა გზაში, ტრანსპორტირებისას შეიძლება, ტვირთი გაიყიდოს ან სხვაგან წაიღონ. მაგალითად, მსუბუქი ავტომობილები საქართველოს ექსპორტის 20%-ს შეადგენს. რეალურად კი, ავტომობილების რეექსპორტი ხორციელდება. შესაბამისად, საქონელიც რეექსპორტის რეჟიმით შემოდის და ჩვენთან არ ფიქსირდება. ამდენად, ამ და სხვა ფაქტორების გამო, აშშ-დან წამოსული ბევრი ტვირთი ჩვენთან არ შემოდის და შესაბამისად, ციფრებში განსხვავებები ჩნდება”, - განმარტა ჭელიძემ და მაგალითად, მონტენეგრო-ევროკავშირს შორის ექსპორტ-იმპორტის აღრიცხვისას არსებული საკმაოდ დიდი განსხვავებები მოიყვანა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს განვითარების კვლევითმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა მონაცემები იმის თაობაზე, თუ რა შემოსავლებს მალავს საქართველო აშშ-სთან საგარეო ვაჭრობაში. რის შედეგადაც საქართველოს სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილი „ჩრდილში“ ექცევა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი მნიშვნელოვან შემოსავლებს კარგავს.
ავტორთა შედარებებით, 2004 წელს აშშ-ს და საქართველოს შორის საგარეო ვაჭრობაში აშშ-ის მონაცემებთან შედარებით, ჩრდილში იყო მოქცეული მთლიანი საგარეო ბრუნვის 56,7%, 2005 წელს – 57,5%; 2006 წელს – 49%; 2007 წელს – 38,8%; 2008 წელს – 42%; 2009 წელს – 38%; 2010 წელს – 27,2%; 2011 წელს – 45,5%; 2012 წლის იანვარ-მარტში კი ჩრდილში 46,5% იყო მოქცეული.
ინსტიტუტის მტკიცებით, 2011 წელს აშშ-დან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტების 98,6% საქართველოში კონტრაბანდულად შემოვიდა.
,,აშშ-ის ექსპორტმა საქართველოში „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ პერიოდში ამერიკის მონაცემებით, 3 008,7 მილიონი დოლარი შეადგინა. იმავე პერიოდში საქართველოს მონაცემებით, აშშ-ის იმპორტმა საქართველოში 1 662,4 მლნ დოლარი შეადგინა. საქართველოს მხარემ კი 1 346,3 მლნ დოლარით ნაკლები, ანუ მთლიანი მონაცემის მხოლოდ 55,3% დააფიქსირა. სახელმწიფო ბიუჯეტმა ამ პერიოდში მარტო გადასახადების სახით, აშშ-დან მემოსული სხვადასხვა საქონლის განუბაჟებლობის ან ნაკლებ ღირებულებად განბაჟების გამო, მინიმუმ მილიარდ ლარზე მეტი დაკარგა”, - აცხადებენ საქართველოს განვითარების კვლევით ინსტიტუტში.












