თბილისის მერია პოლიტიკურ პარტიებს კვლავ მოუწოდებს, ახლადრეაბილიტირებულ ისტორიულ შენობა-ნაგებობებზე საარჩევნო პლაკატები არ გააკრან.
როგორც მერიაში განმარტავენ, თბილისის მთავრობამ საარჩევნო კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ქალაქში საარჩევნო პლაკატების გაკვრის წესი მიმდინარე წლის ზაფხულში დაარეგულირა.
"გამოიყო ადგილები, სადაც სპეციალური სტენდები დამონტაჟდა. სტენდებით სარგებლობა ყველა საარჩევნო სუბიექტს თანაბრად შეუძლია. საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, გარკვეულ შენობა-ნაგებობებზე პლაკატების გაკვრა აკრძალულია. თბილისის მთავრობამ იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი განსაზღვრა, რომელზეც პლაკატების განთავსება იკრძალება (ქალაქის ისტორიულ ნაწილში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რეაბილიტირებული შენობები, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების შენობები). გარდა საკანონმდებლო აკრძალვისა, თბილისის მთავრობა პოლიტიკურ პარტიებს კვლავ მოუწოდებს, არ გააკრან საარჩევნო პლაკატები ახლადრეაბილიტირებულ ისტორიულ შენობა-ნაგებობებზე, რათა მათი იერსახე შევინარჩუნოთ", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.












