"მაესტროს" ერთ-ერთი დამფუძნებლის მამუკა ღლონტის განცხადებით, "ხელისუფლება მედიას და თავისუფალ სიტყვას ებრძვის".
როგორც ღლონტმა საქართველოს მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე "მაესტროს" მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა, "ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, პროცესი არჩევნებამდე გაწელონ, რათა "მაესტრომ" რეგიონებში ინფორმაციის გავრცელება ვერ განახორციელოს".
"მაესტროსთვის" სატელიტური ანტენები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გაზეთისთვის ფურცელი. ის, რაც დღეს ხდება, მხოლოდ ტელეკომპანია "მაესტროს" პრობლემა არ არის და აღნიშნულ აქციას სხვა მედია-საშუალებებმაც უნდა დაუჭირონ მხარი. იმ შემთხვევაში, თუკი პრობლემებზე "მაესტრო" ისაუბრებს, ხელისუფლება და იუსტიციის სამინისტრო ამ ფაქტს მხოლოდ ბიზნეს-ინტერესებს დაუკავშირებს", - განაცხადა ღლონტმა.
შეგახსენებთ, რომ "სოლიდარობა მედიის თავისუფლებისათვის" "მაესტროს" მიმართ განხორციელებულ ქმედებებს საქართველოს მთავარი პროკურატურის წინ აპროტესტებს.












