საზოგადოებრივი მაუწყებელი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასაშუალებების წარმომადგენლებს კოალიცია "ქართული ოცნების’’ ლიდერის ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის მიერ მედიაზე ზეწოლის ფაქტების ჯეროვნად შეფასებისკენ მოუწოდებს.
ასე გამოეხმაურა საზოგადოებრივი მაუწყებელი კოალიციის ლიდერის მიერ დღევანდელ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას.
"დღეს 28 მაისს მოძრაობა "ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა (ბორის) ივანიშვილმა ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომლითაც მედიაზე და კერძოდ, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლის კამპანია განაგრძო. დღეს ჩვენ შევიტყვეთ, რომ თუ ,,არ გადავაწყობთ რიტორიკას“ და არ ვიქნებით აბსოლუტურად ლოიალურები ივანიშვილის მიმართ, მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც ინსტიტუციის მომავალი, ეჭვქვეშ დადგება. საზოგადოებრივი მაუწყებლობა და მისი სარედაქციო, თუ ფინანსური დამოუკიდებლობა ჩვენი ქვეყნის მონაპოვარია, რომელიც დაფიქსირებულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში. კერძოდ, ჩვენი დაფინანსება არაა დამოკიდებული პარლამენტის და მითუმეტეს, მთავრობის ნება-სურვილზე და საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 0.12%-ს წარმოადგენს. ყველა საერთაშორისო ექსპერტისა და პროფესიონალის ერთსულოვანი აზრით, ეს სისტემა ერთ-ერთი ყველაზე პროგრესულია და მაუწყებლის სრულ, მათ შორის სარედაქციო, დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. სხვათაშორის, მაუწყებლის, როგორც საქართველოში ყველაზე დაბალანსებული და მიუკერძოებელი ტელერადიოკორპორაციის საქმიანობა ეუთო-ს, გაერო-ს, ევროკავშირის, "ბიბისი”-ს და სხვა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა არაერთხელ დაადასტურა. ამ ფონზე საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესის თვითნებური შეცვლის, მეტიც, შეწყვეტის მუქარა აღიქმება, როგორც დაუფარავი შანტაჟი და სარედაქციო პოლიტიკის წინასარჩევნოდ შეცვლის უხეში მცდელობა’’, - ნათქვამია “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"როგორც ჩანს, ივანიშვილს სურს, საზოგადოებრივი მაუწყებელი ექსკლუზიურად მისი პოლიტიკური მიზნების სამსახურში იხილოს, რაც ეწინააღმდეგება ზოგადად, მედიის თავისუფლების და კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებლობის იდეას. ბატონო ბიძინა, განმარტებისათვის: პირველი, საავტორო გადაცემის წამყვანი ,,დიქტორი“ არ გახლავთ და მეორე - კომერციული რეკლამა გარდა კანონით გათვალისწინებული ერთეული შემთხვევებისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 2011 წლიდან აიკრძალა. მივმართავთ მედიაგარემოს დემოკრატიზაციის მიმართულებით მოქმედ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, საქართველოში მოქმედ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, ივანიშვილისა და მისი გუნდის მიერ მედიაზე ზეწოლის ფაქტები ჯეროვნად შეაფასონ”, - ნათქვამია "საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.












