რადიო "ჰერეთი“ თვლის, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ თბილისში მაუწყებლობის ლიცენზიაზე კონკურსი თავიდან უნდა გამოაცხადოს.
ამასთან დაკავშირებით ”რადიო ჰერეთი” საგანგებო მიმართვას ავრცელებს.
“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2011 წლის 30 სექტემბერს შპს „მედია ჰაუს დეკომს“ (რადიო „ცხელი შოკოლადი“) „ინოვაციური პროექტისთვის“ და პროგრამული მრავალფეროვნებისთვის თბილისში მაუწყებლობის ლიცენზია მიანიჭა. აღსანიშნავია, რომ „მედია ჰაუს დეკომი“ კონკურსის გამოცხადების შემდეგ დარეგისტრირდა და მას რადიომაუწყებლობის არანაირი გამოცდილება არ აქვს. კონკურსში მონაწილეობდა სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთიც“, რომელსაც რადიომაუწყებლობის 14-წლიანი გამოცდილება აქვს და 6 წელია, თბილისში მაუწყებლობას ითხოვს. „ჰერეთი“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს და მიიჩნევს, რომ კონკურსი არასამართლიანად და არათანაბარ პირობებში ჩატარდა. კერძოდ, „მედია ჰაუს დეკომმა“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში სრულყოფილად არ წარადგინა დოკუმენტაცია მათ შორის ინფორმაცია დამფუძნებლებისა და პარტნიორების შესახებ („მედია ჰაუს დეკომის“ წილის მფლობელია კომპანია ს.ს „ვიდოფონი“. დღემდე გაურკვეველია, არის თუ არა ეს ორგანიზაცია ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანია). საქართველოს მაუწყებლობის შესახებ კანონმდებლობის 37-ე მუხლის თანახმად, მაუწყებლობის ლიცენზიას არ შეიძლება, ფლობდეს კომპანია, თუ მას პირდაპირი ან ირიბი კავშირი აქვს ოფშორულ ზონასთან. საქმე სასამართლოშია”, - ნათქვამია განცხადებაში.
რადიო “ჰერეთში” აცხადებენ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „მედია ჰაუს დეკომის“ საბუთები დეტალურად არ შეისწავლა და წერილი ინვესტიციის შესახებ საკმარისი აღმოჩნდა კონკურსში მონაწილეობისთვის.











