ოლთისის შენაკად ფენიაკჩაის ანუ ფენიკისწყლის ხეობაში, ცენტრალური გზიდან თუ გადაუხვევთ, სოფელ ფენიაკს მიადგებით. სწორედ აქ, ამ სოფელთან იდგა ტაოსა და საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი და უდიადესი ტაძარი - ბანა...
"ფანასკერტის წყალზედ არს ბანა. აწ უწოდებენ ფანაქს. ეკლესია გუმბათიანი, დიდი, მშვენიერად ნაგები, კეთილ მშვენიერ ადგილას აღაშენა მეფემან ადარნასემან და დაფლულნი არიან მეფენი. იჯდა ეპისკოპოზი მწყემსი ფანასკერტისა და სრულიად ტაოსი, ოლთისის და ნარემაკისა და აწ არც ცალიერ", - წერდა ვახუშტი ბაგრატიონი.
"ბანასნაირი ტაძარი მთელ აღმოსავლეთში არ მინახავს, აია-სოფიის შემდეგ აზიაში მსგავსი არაფერი შემხვედრიაო", - უთქვამს მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში გერმანელ ბოტანიკოსს - კარლ კოხს. იმ დროს ბანა ჯერ კიდევ პირვანდელი სახით ყოფილა შემორჩენილი. მეცხრამეტე საუკუნის სამოცდაათიანი წლებისთვის, როცა ტაძარი მოინახულა დიმიტრი ბაქრაძემ, მას გუმბათი უკვე ჩამონგრეული ჰქონია.
სუმბათ დავითის ძე წერს: "ადარნასე ძე დავით კურაპალატისა (881-923) დასვეს ქართველთა მეფედ... და ამან... აღაშენა ბანა ხელითა კვირიკე ბანელისათა, რომელი იქმნა პირველ ეპისკოპოს ბანად".
ამ ცნობის მიხედვით ბანა მეცხრე საუკუნის ბოლოსა და მეათე საუკუნის დასაწყისში აშენდა. თუმცა ტაძრის სტილისტიკური ანალიზით მეცნიერები ასკვნიან, რომ ტაძარი მეშვიდე საუკუნეზე გვიანდელი ვერ იქნებოდა, რადგან მას ტეტრაკონქის ფორმა აქვს, რომელიც მეშვიდე საუკუნის შემდეგ აღარ გვხვდება. "ადარნასე ალბათ ტაძრის ხელმეორედ მაშენებელი იყო“, - ვარაუდობს ზოგიერთი მეცნიერი.
ტაძარი აგებულია მრგვალ ბორცვზე. ამ ადგილას თითქოს ცა და მიწა ერთიანდება. ბანა მრგვალად აღიქმებოდა, თუმცა რეალურად მრავალწახნაგა იყო. სამსართულიანი და რთული კომპოზიციის ტაძარი ეკლესიისგან და მრგვალი გალერეისგან შედგებოდა. ძველად კი, გარედან შემოსაზღვრული იყო ქვის გალავნით. ეკლესია ბერძნულ ჯვარს - ტეტრაკონქს წარმოადგენს. პირველი სართული თავიდან 28 წახნაგა იყო და იგი მოგვიანებით გადააკეთეს. სავარაუდოდ, მეთექვსმეტე საუკუნეში, თურქების შემოსევის დროს, ბანა ციხე-სიმაგრედ აქციეს.
ბანას ტაძრის სქემა
საკურთხეველში ექვსი სვეტი იყო, რომლებიც თვალსაჩინოდ გამოიყოფოდა გალერეიისაგან.
ტაძარზე მრავლად ყოფილა წარწერები: "ქრისტე, შეიწყალე თეოდორე დიდი", ეს წარწერა ექვთიმე თაყაიშვილმა აღმოაჩინა. მეორე წარწერიდან მხოლოდ ერთი სიტყვა იკითხებოდა "დიდი", მესამე წარწერა "ქრისტე, შეიწყალე გიორგი" სავარაუდოდ, აქ მოსულ მლოცველს უნდა ეკუთვნოდეს.
ისტორიაში ცნობილია ბანელი ეპისკოპოსი იოანე, რომელმაც უღალატა ბაგრატ მეოთხეს და ტაოელ აზნაურებთან ერთად, 1027 წელს საბერძნეთს წავიდა. შეთქმულებმა იმპერატორ კონსტანტინეს ტაოსკენ ჯარი გამოაგზავნინეს.
ვინმე ზაქარიას ბრძანებით, მეთერთმეტე საუკუნეში ბანაში გადაუწერიათ დიდი ტყავის კრებული, რომელიც გრიგოლ ღვთისმეტყველის შრომებსაც შეიცავს.
ბანაში დაიწერა ჯვარი ბაგრატ მეოთხემ, ბიზანტიის იმპერატორის ძმის, რომან არგონის ასულ ელენეზე. იქ იყვნენ დაკრძალულნი ტაოს ბაგრატიონები. უკანასკნელად დაკრძალეს ვახტანგ მეოთხე და მისი მეუღლე.











