"თბილისის ქუჩებში ხეტიალი ნუ მომიშალოს ღმერთმა" - ლადო ასათიანის ეს უკვდავი ფრაზები ხშირად მახსენდება და ახლაც "სახეტიალოდ" მივდივარ. წამოდით ჩემთან ერთად და იცით სად? - არც მეტი არც ნაკლები - რომში!
ჩვენი დედაქალაქის ერთ-ერთ ძველ უბანში ორიოდე წლის წინ რომის ქუჩა გაჩნდა. დარწმუნებული ვარ, ამ პატარა ქუჩაზე ავლა-ჩავლისას, იქ მაცხოვრებლების გარდა, ახალი აბრა დღემდე არ შეუმჩნევიათ. არა უშავს, ამიერიდან გეცოდინებათ - ვარციხის ქუჩა რომის ქუჩად გადაიქცა.
მხატვარმა თეიმურაზ შვანგირაძემაც, რომელმაც სიყრმის მოგონებებს მიუძღვნა ტილო "ვარციხის ქუჩა", მასთან სტუმრად მისული იტალიის საელჩოს თანამშრომლისგან შეიტყო სახელცვლილების შესახებ. "ამ ტილოს რომ შეხედა, წამოიძახა - ეს ხომ ჩვენი რომის ქუჩააო და ეს თბილისის "ქუჩების მემატიანე" გაოცებული დამტოვა" - ამბობს თეიმურაზ შვანგირაძე.
უზნაძისა და დავით აღმაშენებლის გამზირების ერთ-ერთ შემაერთებელ პატარა ქუჩაზე საუკუნენახევრის წინ აგებული სახლები კოლორიტულ ფერებს მატებენ. თავად ქუჩა, მართალია, რომივით მრავალსაუკუნოვანი არ არის, მაგრამ მესამე ასწლეულში კი არის გადასული. ის "ძვე

ლ კუკიაში" მდებარეობს და მე-19 საუკუნის დასაწყისშია გაჩენილი. 1851 წლიდან, დაახლოებით იმ პერიოდიდან, როდესაც სოფელი კუკია თბილისს შეუერთდა, სემიონოვის სახელს ატარებდა;
1925-26 წლებში არაზინდოს სახელს; 1926 წლიდან 2009 წლამდე კი ვარციხის ქუჩით იყო ცნობილი.
ვასილი ნიკოლოზის ძე სემიონოვი, ვის სახელსაც ეს ქუჩა ატარებდა ამიერკავკასიის საბჭოს წევრი (1842), ნამდვილი სამოქალაქო მრჩეველი (1848-1852) და სასწავლო ოლქის მზრუნველი იყო; ვარციხე სოფელია ბაღდათის რაიონში. გაცილებით რთული აღმოჩნდა "არაზინდოს" ტოპონიმიკის დადგენა. ბოლოს ისევ ეროვნული ბიბლიოთეკის პერიოდული ლიტერატურის კატალოგებმა მიშველეს. "არაზინდო" ერთ-ერთი სასტუმრო აღმოჩნდა აბასთუმანში, რომლის გახსნის თაობაზე 1924 წლის გაზეთ "კომუნისტის" რამდენიმე ნომერში იყო ინფორმაცია.
შემდეგ გასეირნებამდე, თბილისში....
ნინო გედენიძე











