ნუგზაურ წიკლაური: "ევროპარლამენტში დებატები ზუსტად ისე დამთავრდა, რა შეფასებაც სააკაშვილი-მერაბიშვილის დიალოგში იყო გამოყენებული"
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, "ევროპარლამენტის დებატებზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებაში ისეთი არაფერია".
ამის შესახებ წიკლაურმა ჟურნალისტებს ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გასული პრეზიდენტის და ახალი პრემიერ-მინისტრის დიალოგის კომენტირებისას განუცხადა.
"ეს ჩანაწერი ვნახე. როგორც ჩანს, ეს იყო დატოვებულ კამერაში ჩანაწერი. ჩემთვის გაუგებარია, რა ხერხებით მოხვდა ის "მაესტროში", რატომ აიტვირთა "იუთუბში" და რატომ მოხდა სასწრაფოდ მისი იქიდან წაშლა. ვფიქრობ, ჩანაწერში არაფერი ისეთი არ არის. პრეზიდენტის მოსაზრება არის გამოთქმული თუ როგორ დამთავრდა ევროპარლამენტში დებატები. ეს დაბატები ვნახეთ და ზუსტად ისე დამთავრდა, რა შეფასებაც იყო გამოყენებული. საქართველომ მხარდაჭერა მიიღო, დესტრუქციულმა მცდელობებმა კი, იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენს ქვეყანაში ვითარება ისე დახატონ, როგორც არ არის, სრული კრახი განიცადა", - განაცხადა წიკლაურმა და დასძინა, რომ ასეთი იქნება ყველა იმ ადამიანის ბედი, ვინც საქართველოს დაზარალებას ელის.
შეგახსენებთ, რომ გუშინ "მაესტროს" ეთერით გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის "რუსთავის 2"-ის პირდაპირ ეთერში ჩართვამდე, მისი და პრეზიდენტ სააკაშვილის საუბარია ასახული. მიხეილ სააკაშვილი და სავარაუდოდ, "ქართულ ოცნების" წარმომადგენლების მიერ სტრასბურგში გამართული დებატების შესახებ საუბრობს.
"იმათ დედა ეტირათ იქ, სტრასბურგში. ხომ ლობირებდნენ დებატებს და ხომ გაათრიეს, მაგრამ შეასკდა ყველა. ყველა ბოლომდე შეჯდა", - უთხრა სააკაშვილმა მერაბიშვილს.
თელარა გელანტია











