"სახალხო კრებისა" და "დემოკრატიული მოძრაობის" წევრი ბესიკ ტაბატაძე შვეიცარიის კონფედერაციის ელჩს საქართველოში გიუნტერ ბეხლერს წერილით მიმართავს, რომელსაც "პირWელი" უცვლელად გთავაზობთ:
"ბატონო ელჩო, ამ წერილით საქართველოს მოქალაქე "დემოკრატიული მოძრაობის" და "სახალხო კრების" წევრი ბესიკ ტაბატაძე მოგმართავთ. ჩემი სახელი და გვარი თქვენ ალბათ არაფერს არ გეუბნებათ, ამიტომ მოგახსენებთ, რომ მე, ისევე როგორც ათეულათასობით ჩემი თანამოქალაქე, ვმონაწილეობდი 2011 წლის 21-26 მაისის საპროტესტო აქციებში, რომელიც საქართველოს მმართველმა რეჟიმმა სისხლში ჩაახშო. ჩემი თქვენდამი ამ წერილის მოწერა გადამაწყვეტინა ამა წლის 2 მაისს, ქუთაისში, „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან შეხვედრისას გაკეთებულმა თქვენმა განცხადებამ, რომელშიც ხელისუფლების მიერ ახალგაზრდების მშვიდობიანი აქციის დაშლის ფაქტი თქვენ პრინციპულად დაგმეთ და აღნიშნეთ, რომ აქციების დაშლა წყლის ჭავლით არ უნდა ხდებოდეს. უპირველეს ყოვლისა, მინდა, განვაცხადო, რომ აღნიშნული აქციის დაშლის ფაქტს გადაჭრით ვგმობ. შეკრების თავისუფლებისა და თავისუფალი აზრის გამოთქმის უფლების შეზღუდვის ნებისმიერი გამოვლინება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია და აქციის მონაწილეებს სოლიდარობას ვუცხადებ. ამასთანავე, არ შეიძლება, არ აღინიშნოს ისიც, რომ დემოკრატიული საზოგადოებისთვის ორმაგი სტანდარტების გამოყენება მიუღებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს ეხება. საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ არაჰუმანური მოპყრობის ფაქტზე თქვენს მიერ გაკეთებული განცხადება კი მხოლოდ ამ კონტექსტით შეიძლება, იქნეს განხილული. თუ რატომ, ამას ახლავე მოგახსენებთ. მე მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების მანძილზე გახლდით და დღესაც კანონმორჩილი მოქალაქე გახლავართ. წლების განმავლობაში სახელმწიფო სტრუქტურებში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობზე ვმუშაობდი და ჩემი ცხოვრების 42 წლის განმავლობაში სამართალდამცავ ორგანოებს ჩემს მიმართ არავითარი პრეტენზია არასოდეს არ ჰქონიათ. 21-26 მაისის საპროტესტო აქციებში ჩემი მონაწილეობა დღევანდელი რეჟიმის მიერ დამყარებული ძალადობრივი და უსამართლო გარემოს წინააღმდეგ ჩემში არსებული სამართლიანი მოქალაქეობრივი პროტესტის გრძნობით განპირობებული გახლდათ. აქციის მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობა ქუჩაში ამავე მიზეზით იყო გამოსული. მაშინ ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა საქართველოში დიქტატურის დასრულება, ხოლო ერთადერთი იარაღი - მართალი სიტყვა გახლდათ! სად ბრძანდებოდით, ბატონო ბეხლერ, თქვენ 26 მაისს, როცა რუსთაველის გამზირი სისხლით იყო მორწყული? მაშინ, როდესაც რეზინის ტყვიებით, მხუთავი გაზითა და ხელკეტებით შეიარაღებულმა მკვლელებმა სიცოცხლე მოუსწრაფეს ოთხ სრულიად უდანაშაულო ადამიანს; თვალები დასთხარეს, თავ-პირი და ხელ-ფეხი დაამტვრიეს ათასობით ბავშვს, ქალს თუ კაცს ასეულობით უდანაშაულოდ ნაცემ-ნაბეგვი ადამიანი სხვადასხვა ვადით ციხეებში ჩაყარეს, მათ შორის 42-ს აბსურდულად შეთითხნილი სისხლის სამართლის საქმეების მიხედვით ათობით წელი პატიმრობა მიუსაჯეს და ისინი არჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელს დღემდე უსამართლოდ იხდიან. ნუთუ თქვენთვის, ბატონო ელჩო, ამ შემზარავი ფაქტების შესახებ არაფერი იყო ცნობილი? სად იყო მაშინ, ბატონო ბეხლერ, თქვენი "დაუღალავი" ზრუნვა დემოკრატიის განვითარებასა და ადამიანის უფლებებზე, როდესაც ამას დემოკრატიული ქვეყნის ელჩის პირდაპირი მოვალეობა მოითხოვდა? სწორედ ამგვარი ორმაგი სტანდარტების შესახებ მქონდა ზემოთ საუბარი, ბატონო ბეხლერ. ასევე მინდა, შეგახსენოთ, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და მათ შორის ჩვენ, ვისაც 26 მაისის ღამეს უმოწყალოდ გაგვისწორდნენ, სწორედ ცივილიზებული მსოფლიოსგან და პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანაში მათი წარმომადგენლებისაგან მოველოდით დროულ და ობიექტურ შეფასებებს. საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს უამრავ კანონდარღვევაზე რომ ადექვატური რეაქცია ჰქონოდა, ხელისუფლება ვერც 26 მაისის სადამსჯელო სპეცოპერაციის ჩატარებას გაბედავდა და ათასობით ადამიანის უფლება არც ამ ერთი წლის განმავლობაში დაირღვეოდა. იმედს ვიტოვებ, რომ ამიერიდან მაინც ჩვენს ქვეყანაში, ხელისუფლების მიერ ჩადენილი არცერთი უკანონობა თქვენი და თქვენი კოლეგების ადექვატური შეფასებისა და რეაგირების გარეშე არ დარჩება, რაც ქვეყანაში რეალური და არა ფასადური დემოკრატიის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს", - ნათქვამია წერილში.











