კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებს, "პატარა შეურაცხყოფები აიტანოს".
ამის შესახებ ივანიშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტთან ინტერვიუში განაცხადა.
"ჩემს წინააღმდეგ უკვე განსაკუთრებით იბრძვიან. ორგანიზაციები აღარ ყოფნით, გვარზე გადავიდნენ. ტოტალურად ცდილობენ, როგორმე ივანიშვილი შეაჩერონ. ეს არის სააკაშვილის ძირითადი პრობლემა, მაგრამ ვერაფერს იზამენ. ვარწმუნებ საქართველოს მოსახლეობას, რომ ხელისუფლების ნებისმიერი მცდელობა ფუჭად დამთავრდება. მე მინდა, მოსახლეობამ დაინახოს ის, თუ როგორ ძალადობას ახორციელებენ ჩემზე და თითოეულმა ცოტა აიტანოს. მე ძალიან ბევრს ვიტან. თუკი რამეა ჩემს ირგვლივ, ყველაფერს მიადგნენ, ყველაფრის გაჩერებას და დაპატიმრებას ცდილობენ და ყველანაირ შეურაცხყოფას მაყენებენ, მაგრამ ჩვენ ბრძოლაში ვართ. მე ამას კარგად ვაცნობიერებ, გაგებით ვიღებ და მინდა, საქართველოს მოსახლეობამაც ნახოს, რომ მე ვიტან ამ ყველაფერს და რაღაც პატარა შეურაცხყოფები თითოეულმაც აიტანეთ. გასაგებია, რომ რაღაცას უნდა გავუძლოთ, გადავიტანოთ, ეს მოძალადე კაცი მოვიშოროთ და ერთი კაცის იდეოლოგიაზე უარი უნდა ვთქვათ" - განაცხადა ივანიშვილმა.
დავით ჯალაღონია











