ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ დღეს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრს ბაჩო ახალაიას შეხვდა.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები და მაქვს საშუალება თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდე. თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ძალიან საინტერესო სამუშაო შეხვედრა მქონდა და მადლობელი ვარ თქვენი სტუმართმოყვარეობისთვის. შეხვედრაზე განვიხილეთ ნატო-საქართველოს ურთიერთობები, მონაწილეობა ავღანეთის მისიაში და სამომავლო გეგმები, ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. ეს ჩემი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ძალიან კარგი შეჯამება იყო“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ალექსანდრე ვერშბოუმ.
თავის მხრივ, ბაჩო ახალაიამ იმედი გამოთქვა, რომ არსებული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
„ჩვენ გვქონდა საუბარი ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე და ამ მიმართულებით პერსპექტივებზე. ამავდროულად მინდა, გითხრათ, რომ როცა ალექსანდრ ვერშბოუ ამერიკის თავდაცვის მდივნის მოადგილე იყო, ჩვენ მასთან ერთად დავიწყეთ ცალკეული რეფორმები, რომლებიც საქართველოში ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ამ მიმდინარე რეფორმების პროგრესზეც ვისაუბრეთ. იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება”, - აღნიშნა ბაჩო ახალაიამ.
შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-სთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს და ნატო-ს ეგიდით მიმდინარე ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობას. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ალიანსთან აღებული ვალდებულებების შესრულებასა და საქართველო-ნატო-ს სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე. თავდაცვის სამინისტრომ სურვილი გამოთქვა ალიანსთან „გონივრული თავდაცვის“ ფარგლებში ითანამშრომლოს და სხვადასხვა მრავალეროვნულ პროექტებში მიიღოს მონაწილეობა.
საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, დღეს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ რამდენიმე შეხვედრა გამართა.
ახალაია აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწეს ენდრიუ ვებერს, თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეს სელესტ ვოლანდერს, კონტრადმირალ მარკ მონტგომერს და კონფერენციის სხვა მონაწილეებს შეხვდა.
ინდივიდუალური შეხვედრების გარდა, კონფერენციის ფარგლებში დღეს ავღანეთთან „ვიდეო ხიდი“ გაიმართა.












