ჩეხეთის ელჩი საქართველოში ივან იესტრჟაბი ხუთდღიანი ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება.
იესტრჟაბი დღეს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ვიაჩისლავ ჩირიკბასა და მის მოადგილეს ირაკლი ხინთბას შეხვდა.
"აფხაზეთი ევროპაა. მომხრე ვართ, რომ ჩვენს შესახებ რაც შეიძლება, მეტმა იცოდეს. თქვენ საშუალება გაქვთ, თქვენი თვალით ნახოთ, რომ რესპუბლიკა დინამიკური, თანამედროვე ცხოვრებით ცხოვრობს", - განაცხადა ჩირიკბამ.
სააგენტო "აპსნიპრესის" ცნობით, ეს ჩეხეთის ელჩის პირველი ვიზიტია აფხაზეთის რეგიონში, რომლის ფარგლებშიც ივან იესტრჟაბმა განაცხადა, რომ დელეგაციის შემადგენლობაში განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავენ, მათი საჭიროებების შესახებ იფორმაციას შეაგროვებენ, რათა გაიგონ, კონკრეტულად რითი შეუძლია, ჩეხეთს მათი დახმარება.
ამასთან, ელჩმა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრა.
მისივე თქმით, ჩეხეთმა უთანხმოების პერიოდი ბევრ ქვეყანასთან გამოიარა.
"როგორც იცით, ჩეხოსლოვაკია უკვე აღარ არსებობს. არის ორი სახელმწიფო, რომელთაც დროთა განმავლობაში ჰარმონიულად ცხოვრება ისწავლეს. ვიმედოვნებ, თქვენთანაც ურთიერთობები ისეთ დონეს მიაღწევს, როდესაც ისტორიული უთანხმოება, როგორც შორეული წარსული, ისე იქნება აღქმული", - განაცხადა იესტრჟაბმა.
ნინო ჩიჩუა










