ყვარელში საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი გაიხსნა.
ბანკის ინფორმაციით, მუზეუმში დამთვალიერებლებს ფულის ისტორიის გაცნობისა და უნიკალური ექსპონატების ნახვის შესაძლებლობაც ექნებათ.
მუზეუმი ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა და კახეთის გუბერნატორმა ზურაბ ჭიაბრაშვილმა გახსნეს. ღონისძიებას რაიონის სკოლების მოსწავლეები და პედაგოგებიც დაესწრნენ. პირველი ტური სპეციალურად მათთვის მოეწყო.
"ყვარელი ის ადგილია, სადაც დიდი ილია ჭავჭავაძე დაიბადა. ილიას სახელი, სხვა მამულიშვილურ საქმეებთან ერთად, საქართველოში საბანკო საქმიანობის ტრადიციის დამკვიდრებას უკავშირდება. ამიტომ მუზეუმის გახსნა, რომელიც დამთვალიერებელს გააცნობს ჩვენს წელთაღრიცხვამდე საუკუნეებში საქართველოში მიმოქცევაში არსებულ ფულის ნიშნებს, ტრადიციებს, ასევე მსოფლიოს ფულის განვითარებას - სავსებით ლოგიკურია. გარდა ამისა, ეს მუზეუმი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რეგიონის პოპულარიზაციას", - განაცხადა ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა.
ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი საქართველოში ერთადერთია, რომელიც მთლიანად და განუყოფლად მხოლოდ ფულს ეძღვნება. გამოფენაზე თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი საქართველოში ფულის მიმოქცევის მრავალსაუკუნოვანი ისტორია ძველი წელთაღრიცხვის მეექვსე საუკუნიდან დღემდე. იქვე წარმოდგენილია თანამედროვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ვალუტა.
ფულის მუზეუმის ყვარელში, რუსთაველის #10-ში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის შენობის პირველ სართულზე განთავსდება და ვიზიტორებს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 09:00-18:00 საათებში მიიღებს.
მუზეუმში ნებისმიერ მსურველს ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული პროდუქცის შეძენის შესაძლებლობაც ექნება, როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით.
ნათია რთველიაშვილი












