შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრომ პაციენტს, საავადმყოფოსა და სადაზღვევო კომპანიას შორის თამაშის წესების ბაზისური ვარიანტი შეიმუშავა.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ინფორმაცია მინისტრთა კაბინეტსა და პრემიერს მიაწოდა.
"შევიმუშავეთ თამაშის წესების საბაზისო ვარიანტი. ამ წესების შემუშავება აშკარად გვჭირდება, რადგან ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები. ხშირად მოქალაქეს აქვს სახელმწიფო დაზღვევა, მაგრამ შეიძლება, მომსახურება ვერ მიიღოს ან კიდევ მოქალაქეს შესაძლოა, პრეტენზიები მომსახურების ხარისხთან დაკავშირებითაც ჰქონდეს. თამაშის წესების მესამე ელემენტი კი იმაში მდგომარეობს, რომ გარკვეულწილად დასარეგულირებელია ურთიერთობები სადაზღვევო კომპანიებსა და კლინიკებს შორის, რათა მათ შორის ფინანსური ანგარიშსწორება გარკვეულ წესებზე დაყრდნობით ხდებოდეს, რაზეც ასევე დამოკიდებულია კლინიკებში მედპერსონალისთვის ხელფასების გაცემა და ა.შ. პრემიერის დავალებით თამაშის ეს წესები იქნა შემუშავებული. ჩვენ ისინი, როგორც საავადმყოფოების ხელმძღვანელობას, ისე სადაზღვევო კომპანიებს დავუგზავნეთ, პასუხად მათგან შენიშნვები მივიღეთ, რომლებსაც მომავალში გავითვალისწინებთ", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა და დასძინა, რომ შენიშნვების განხილვა სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტში მიმდინარეობს და შეჯამებულ ვარიანტს ჯანდაცვის უწყება მთავრობის მომავალ სხდომაზე წარმოადგენს.











