"მეცხრე არის" გენერალური დირექტორის კახა ბექაურის განცხადებით, "მეცხრე არხს" რეგიონული ოფისების ჩამოყალიბების პროცესში დიდი პრობლემები ექმნება.
ამის შესახებ ბექაურმა დღეს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" კომპანია "გლობალ ტვ-სა" და "სტერეო პლუსის" წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ტელეკომპანია "მეცხრე არხს" ხელისუფლება დაარსების დღიდან გაუგონარ პრობლემებს უქმნის.
"2 მლნ დოლარის ტექნიკა, რომლის იმპორტსაც "მეცხრე არხი" ახორციელებდა, საბაჟოზე შვიდჯერ იქნა განადგურებული. ამის დამადასტურებელი ვიდეო და ტექნიკური მასალა არსებობს. ამასთან, "მეცხრე არხს" დაწყებული აქვს 35 რეგიონული ბიუროს ჩამოყალიბება. ჩვენს წარმომადგენლებს ოფისების მოძიებისას სერიოზული პრობლემები ხვდებათ. როდესაც დაქირავების დროს იგებენ, რომ კონტრაქტორი "მეცხრე არხია", ოფისის გაქირავებაზე უარს ამბობენ. საჩხერეში, ბორჯომსა და სიღნაღში უკვე გაფორმებული კონტრაქტების გაუქმება მოგვთხოვეს, რადგან დამქირავებლები პირდაპირ ამბობენ, რომ მათზე ზეწოლა მიმდინარეობს. ამასთან, თბილისში კომპანიის ცენტრალურ ოფისში დღემდე ვერ მოვახერხეთ ოპტიკური ინტერნეტის შეყვანა. არცერთმა ინტერნეტ პროვაიდერმა "მეცხრე არხს" მომსახურება არ გაუწია", - განაცხადა ბექაურმა.
მისივე თქმით, ხელისუფლება მონოპოლისტურ სატელიტურ კომპანიას "ბლექ სი სატს" ქმნის, რომელიც ცდილობს, რომ ყველა ქართული არხის მაუწყებლობა სატელიტის მეშვეობით სწორედ მისი მეშვეობით განხორციელდეს.
"მოგეხსენებათ, "მეცხრე არხს" საკაბელო და სატელიტური მაუწყებლობის უფლება აქვს. ეს უკანასკნელი ძალიან მნიშვნელოვანია "მეცხრე არხის" გავრცელებისა და მოსახლეობამდე მიტანის თვალსაზრისით. "მეცხრე არხი" სატელიტურ მაუწყებლობას "თურქ სატის" მეშვეობით ახორციელებს. სწორედ ამ კომპანიას მისწერა "ბლექ სი სატმა" და შეეცადა, რომ მას უარი ეთქვა "მეცხრე არხის" მომსახურებაზე. ჩვენ ჩავედით თურქეთში და "თურქ სატის" წარმომადგენლები დავარწმუნეთ, რომ ჩვენთვის კონტრაქტი არ გაეწყვიტათ და ხელი არ შეეწყოთ კიდევ ერთი მონოპოლისტის შექმნისთვის", - განაცხადა ბექაურმა და დასძინა, რომ "სტერეო პლუსსა" და "გლობალ ტვ-ს" პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც მათ თავიანთ ქსელში ტელეკომპანია "მეცხრე არხი" ჩართეს.












