"თრიალეთის" ინფორმაციით, 18 ივნისს ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის მონაწილეთა შორის ერთ-ერთი მოქმედი პოლიციელი შალვა ხაჩიძეა.
როგორც "პირWელს" ტელეკომპანიიდან აცნობეს, ხაჩიძის კუთვნილი ჯიპით - სახელმწიფო სანომრე ნიშნით WKW – 737 ადგილზე თავდასხმის სხვა მონაწილეები მივიდნენ.
მისივე ცნობით, განსაკუთრებული აგრესიით გადამღები ჯგუფის მიმართ შალვა ხაჩიძე გამოირჩეოდა, რომელმაც კატეგორიულად მოსთხოვა ჟურნალისტებს, გადაღება შეეწყვიტათ, უარის მიღების შემდეგ კი ,,თავ-პირისა და კამერის დამტვრევით დაემუქრა", რასაც შემდგომში გადამღები ჯგუფის მიმართ ქვების სროლა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა.
"პოლიციის თანამშრომლები "თრიალეთის" გადამღებ ჯგუფს თავისუფლად მუშაობის საშუალებას არ აძლევს. მათი მხრიდან ჩვენი გადამღები ჯგუფების გადაადგილება მუდმივად კონტროლდება. "თრიალეთის" ხაშურის კორესპონდენტ მალხაზ მიქელაძის მიმართ მუდმივი მუქარის ზარები ხორციელდება მაშინ, როდესაც პოლიცია თითოეული მოქალაქის და განსაკუთრებით, ჟურნალისტების უსაფრთხოებას თავად უნდა იცავდეს. ვფიქრობთ, ხაშურის პოლიციის მხრიდან აგრესია მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩვენ ხაშურის პოლიციის შენობაში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი სოლომონ ქიმერიძის ფაქტი გავაშუქეთ. ჩვენს მიმართ აგრესიას პოლიციის თანამშრომლები დღემდე ამჟღავნებენ და მიგვაჩნია, რომ ჩვენს კორესპონდენტს ხაშურში საფრთხე ემუქრება. ამიტომ მივმართავთ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილსა და იუსტიციის მინისტრ ზურა ადეიშვილს, "თრიალეთის" ჟურნალისტებზე თავდასხმისა და მუქარის ფაქტებზე გამოძიება უმოკლეს დროში დაიწყოს. ვითხოვთ, 18 ივნისს სურამში ჟურნალისტებზე თავდასხმაში მონაწილე ყველა პირი დაისაჯოს" - აცხადებენ ტელეკომპანიაში.











