ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრ ლევან ვეფხვაძეს აინტერესებს, ახალი მთავრობა სხდომების ჩატარებას Skype-თ გეგმავს თუ არა.
ამის შესახებ ვეფხვაძემ დღეს, პარლამენტის ბოლო რიგგარეშე სხდომაზე პრემიერ-მინისტრისთვის უფლებების დელეგირებასთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.
"პრემიერს თვითმმართველობებთან ურთიერთობა აღარ სურს?! ამ დროს კანონპროექტში წერია, რომ პრემიერ-მინისტრი კანცელარიის უფროსიც ხდება. მას კანცელარიაში შესული ნებისმიერი წერილის დახარისხების, დარეგისტრირების და ხელის მოწერის დრო როგორ ექნება?", – განაცხადა ვეფხვაძემ.
მისივე თქმით, მოქმედი კანონმდებლობით, მთავრობის სხდომა თვეში ერთხელ იმართება, ხოლო ცვლილების თანახმად, ახლა სხდომის ჩასატარებლად ქვორუმი საჭირო აღარ იქნება.
"სხდომის ნაცვლად, ალბათ ახლა ერთი კაცი დაჯდება. იქნებ Skype-ს დახმარებით აპირებთ მთავრობის სხდომის ჩატარებას," – მიმართა ვეფხვაძემ მთავრობის საპარლამენტო მდივანს.
ცნობისთვის, პარლამენტმა "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონში ცვლილებები დაამტკიცა.
შესაბამის კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, მთავრობის კანცელარიას მთავრობის კანცელარიის უფროსის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს.
ამასთან, მთავრობის მიერ გადაწყვეტილებების მიღების წესი, კანონის ნაცვლად ამიერიდან მთავრობის რეგლამენტით განისაზღვრება.
თელარა გელანტია











