"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ კრედიტების ერთწლიან შეღავათებზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას არაადეკვატური უწოდა.
"ქრისტიან-დემოკრატები" გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში იმყოფებოდნენ, სადაც მევენახების უმძიმეს მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ.
მისივე ინფორმაციით, ვენახების ძირითადი ნაწილი სტიქიის შედეგად მთლიანად განადგურდა. მევენახეები უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებიან, რადგან ისინი კრედიტების დროულად დაფარვას ვერ მოახერხებენ.
"ის ზარალი, რომელიც გლეხებმა მიიღეს, ერთწლიანი შეღავათით ვერ ანაზღაურდება. სააკაშვილი და მისი ხელისუფლება გლეხებისთვის ერთწლიან შეღავათებთან დაკავშირებით არაადეკვატური ინიციატივებით გამოდის, რადგან ეს ვერ შეძლებს იმ დანაკარგის ანაზღაურებას, რაც მევენახეებმა სტიქიის შედეგად ნახეს. ჩვენ ხელისუფლებას სამწლიანი საპროცენტო შეღავათების გაზრდისკენ მოვუწოდებთ, რაც გლეხებს ბანკებში სასესხო თანხების გადახდას თავიდან აარიდებს", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.











