სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ ქართულ ემიგრაციას უნდობლობა გამოუცხადა, მაგრამ "ქართულმა ოცნებამ" ეს არ გამოიყენა.
ამის შესახებ ზურაბიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
"არა ვარ და არასოდეს ვყოფილვარ პოლიტ-კორეკტული და გალამაზებული სიმართლის მთქმელი. როცა რამე სათქმელია უნდა ითქვას. ხოდა უნდა ითქვას საზღვარგარეთ არც არაფერი გაკეთებულა, რამდენიმე დროშის ფრიალის გარდა. თბილისიდან ამ საქმის მმართველი ყოფილა კოტე სურგულაძე. მისი ამორჩეულიც ყოფილან ის წარმომადგენელები, ვინც მეტწილად არც არავის იცნობენ და ვისაც საკუთრივ არ იცნობს ემიგრაცია. არც არავის აზრი უკითხავს, რათა გაეგოთ ვინ რა ავტორიტეტით სარგებლობს ამ თუ იმ ქვეყანაში. შედეგიც ასეთია. მდორე, გაუგებარი და უშედეგო "კამპანია" რომელიც კამპანიასაც არა გავს. მთავარ საკითხზე ანუ მაქსიმალურად უცხოეთის ხმების მობილიზირებაზე სერიოზული მუშაობა არ მიდის. არც კანონის შესწავლით და ყველა საჭირო ინფორმაციის გავრცელებით, არც სათანდო რეაგირებით, როცა საგარეო უწყება ხალხის ტვინს აბნევს თავისი ახალი ბრძანებებით და შემდეგ შესწორებებით. რაც მთავარია პოლიტიკური მუშაობა ემიგრაციის მიმართ არ მიმდინარეობს არც ერთი ფორმით, პოლიტიკური გეგმა ემიგრაციის მიმართ არ არსებობს, პოლიტიკური სიტყვა ამ უცხოეთში მყოფ საზოგადოებისადმი არ თქმულა (თურმე ტელეხიდის მოწყობა - რომ ემიგრანტებთან უშუალოდ გაიმართოს საუბარი - არ შეიძლებაო! რატომ?.).. ოცნებიდან პოლიტიკური ფიგურები ჩადიან ევროპა ამერიკაში მაგრამ არსად პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა", - განაცხადა ზურაბიშვილმა და იქვე დასძინა, რომ ხელისუფლებამ უნდობლობა გამოუცხადა ქართულ ემიგრაციას, მაგრამ "ქართულმა ოცნებამ" ეს არ გამოიყენა და საქართველოს ამ უსერიოზულეს ნაწილს თვითონაც გულგრილად ექცევა.
"ასევე სათქმელია, რომ ხშირ შემთხვევაში უცხოეთში მყოფი საეკლესიო პირები, მეტადრე ევროპაში, სახელისუფლო პროპაგანდას ეწვევიან, მრევლს არიგებენ და საელჩოების ფრთის ქვეშ მოთავსებულნი, აუცილებელ ნეიტრალობას არ იცავენ. ალბათ, ევროპის ეპისკოპოსს აბრაჰამს უნდა მოეკითხოს ამ საკითხზე პასუხი. არ მესმის რა ხდება? უვიცობა, გულგრილობა, თუ უარესი რამ? უცხოეთში მყოფ ემიგრანტებს გთხოვთ, მომაწოდოთ თქვენი რეაქციები და თბილისში კი გაითვალისწინეთ: საქმე ფუჭდება და დროზე შველა უნდა", - აცხადებს ზურაბიშვილი.
ინგა მურუსიძე












