გორის რაიონის სოფელ მერეთში "ქართული ოცნების" ლიდერების ჩასვლისას მოხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაურიც "ბიძინა ივანიშვილის პრორუსული შინაარსის განცხადებებს" უკავშირებს.
წიკლაური განმარტავს, რომ ის მერეთის ინციდენტის დეტალებს არ იცნობს, თუმცა "მისთვის ცხადია, რომ იმ ადამიანებისთვის, ვინც კონფლიქტისპირა რეგიონში ცხოვრობენ და რომლებმაც რუსული აგრესიის საშინელება ყველაზე მეტად საკუთარ თავზე გამოსცადეს, ივანიშვილის პრორუსული განცხადებები მიუღებელია".
"ეს ხალხი ძალიან კარგად აცნობიერებს, რომ ეს პოლიტიკური ძალა რუსეთის ხელისუფლების მარიონეტია და მათი მძაფრი რეაქცია შესაძლოა, სწორედ ამით იყო განპირობებული“, – აცხადებს წიკლაური.
მერეთში ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ალასანიას სტუმრობასას მომხდარ დაპირისპირებას ანალოგიური შეფასებით დღეს პარლამენტრის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც გამოეხმაურა. მერეთში მომხდარი ინციდენტის მონაწილეთა ქმედებების მოტივაციის ბაქრაძესაც "ძალიან კარგად ესმის", თუმცა მათ დემოკრატიის პრინციპებსა და აზრის და პოზიციის გამოხატვის უფლებას ახსენებს.
"სოფელი მერეთი საოკუპაციო ზოლთან რამდენიმე ასეულ მეტრშია და ძალიან კარგად მესმის, იქ მცხოვრები ადამიანისათვის რამდენად მძიმეა ნებისმიერი პოლიტიკოსისგან ისეთი სიტყვების მოსმენა, რომ "ომი დაიწყო საქართველომ", რომ "ოკუპაცია, რომელიც დღეს მათ მშობლიურ სახლებში ხდება, საქართველოს ბრალია". მესმის, რომ ამ ადამიანებისთვის, ისევე როგორც ბევრი სხვა ადამიანისათვის, ასეთი ბრალდება და ასეთი სიტყვები კრემლის პოლიტიკის გაგრძელებასთან და ოკუპაციის ინტერესის დაცვასთან ასოცირდება, მაგრამ დემოკრატია ნებისმიერი აზრისა და პოზიციის - მისაღებლის თუ მიუღებელის გამოხატვის თავისუფლებას გულისხმობს. დემოკრატია ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის საკუთარი მოსაზრებების თავისუფლად დაფიქსირების შესაძლებლობას გულისხმობს. დემოკრატია გულისხმობს იმას, რომ საბოლოო არჩევანს და შეფასებს ქართველი ხალხი ოქტომბერში საარჩევნო ყუთებთან გააკეთებს" - განაცხადა ბაქრაძემ.












