ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ შესაძლოა, ელექტროენერგიის და ნაგვის გადასახადები ისევ განაცალკევოს.
ამის შესახებ "პირWელს" "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაახლოებულმა პირმა განუცხადა, რომელიც მმართველი პარტიის მაჟორიტარობის ერთ-ერთი სავარაუდო კანდიდატის საკუთარ აქტივისტებთან შეხვედრას ესწრებოდა.
"შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხებთან ერთად საუბარი ნაგვის და ელექტროენერგიის შესაძლო განცალკევებას შეეხო. ასევე პარტიის კოორდინატორებს დაევალათ, მოსახლეობისგან გაიგონ, აქვთ თუ არა კომუნალური გადასახადების დავალიანებები დაგროვილი, რაც შესაძლოა, მათ რესტრუქტურიზაციასთან ერთად ჩამოწერასაც უკავშირდებოდეს", - აღნიშნა წყარომ.
"პირWელი" ნაგვის და ელექტროენერგიის გადასახადების შესაძლო განცალკევების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, თბილისის მერიას დაუკავშირდა, სადაც აღნიშნული კატეგორიულად უარყვეს და განაცხადეს, რომ "მსგავსი რამ არ განიხილება".
მერიისგან განსხვავებით, ნაგვის და ელექტროენერგიის გადასახადების განცალკევებას არ გამორიცხავენ "ქრისტიან-დემოკრატები".
როგორც "პირWელს" ქდმ-ის საკრებულოს დეპუტატმა ჯაბა სამუშიამ განუცხადა, "ქრისტიან-დემოკრატები" ერთ-ერთი პირველები იყვნენ, რომლებმაც დენის გადასახადის ნაგავთან მიბმა გააპროტესტეს.
"ჩვენ ამ მიმართულებით დიდი ხანია, ვიბრძვით და სასამართლოში სარჩელიც გვაქვს შეტანილი. პირველ ორ ინსტანციაზე არ დაგვიკმაყოფილეს, ამიტომ ახლა სარჩელი უზენაეს სასამართლოშია და განხილვას ველოდებით, თუმცა სხდომა ჯერ ჩანიშნული არ არის", - განაცხადა სამუშიამ და აღნიშნა, რომ ნაგვის გადასახადის ელექტროენერგიის გადასახადთან მიბმა არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებაა.
"ხელისუფლებას იმდენი ჭკუა უნდა ეყოს, რომ ეს გადაწყვეტილება გააუქმოს და შესაძლოა, ეს ჩვენი პროტესტის გამოძახილი იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, "ქრისტიან-დემოკრატები" მიმდინარე წლის სექტემბერში ხელისუფლებას სანიმუშო სასამართლო პროცესს ვპირდებით", - აღნიშნა საკრებულოს "ქრისტიან-დემოკრატმა" წევრმა, თუმცა დეტალების დაანონსებისგან თავი შეიკავა.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის ბოლოსთვის NDI-ის კვლევაში მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხთა შორის ნაგვის გადასახადის გადახდის ახალი წესიც მოხვდა.
დასაქმების შემდეგ (74%) NDI-ის რესპონდენტთა ყურადღება ნაგვის გადასახადზე ელექტროენერგიის მიბმის გადაწყვეტილებაზე მახვილდება, რაც გამოკითხულთა 48%-სთვის "ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილობრივი საკითხია".
ცნობისთვის, ნაგვის გადასახადის მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამისად გადახდის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში 2011 წლის 1 ივლისს შევიდა, რომლის თანახმად, ყოველი 1 კვ.ტ ელექტროენერგიის მოხმარებისას ნაგვის გადასახადი 0,5 თეთრს შეადგენს.
თელარა გელანტია











