|
ეკონომიკის სამინისტრო კახი კალაძის "კალა კაპიტალთან" დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას კვირის ბოლომდე მიიღებს |
|
|
|
13:34 - 03.02.2010 |
|
ეკონომიკური განვითარების სამინისტრო კახი კალაძის "კალა კაპიტალთან" დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიმდინარე კვირის ბოლომდე მიიღებს. როგორც "პირWელს" ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, ცნობილ ფეხბურთელსა და სამინისტროს შორის მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს და პრობლემა ორივე მხარის სასიკეთოდ გადაწყდება. "ვითვალისწინებთ ეკონომიკურ კრიზისს, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას და ვცდილობთ, ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომ არც სახელმწიფომ და არც ინვესტორმა იზარალოს", - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში. შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბრის ბოლოს, კახი კალაძის საქართველოში ვიზიტისას ფეხბურთელი ეკონომიკის მინისტრს პირადად შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა "კალა კაპიტალში" შემავალი "არსენალ დეველოპმენტის" 19 მილიონიანი დავალიანება იყო. ცნობისთვის, 2008 წელს "არსენალ დეველოპმენტმა" ყოფილი არსენალის მთაზე შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი 38 მილიონ დოლარად იყიდა. კომპანიას "არსენალ სითის" პროექტი უნდა განეხორციელებინა, რომელიც არსენალის ტერიტორიაზე საცხოვრებელი და კომერციული ფართების, სამთავრობო სტრუქტურების, ასევე გასართობი ობიექტების მშენებლობას გულისხმობდა. პროექტის განხორციელება კალაძეს 2010 წლიდან უნდა დაეწყო, თუმცა გასულ წელს მან ეკონომიკის სამინისტროს თხოვნით მიმართა, პროექტის დაწყება 2 წლით გადაევადებინა. მაშინ ინვესტორმა ეკონომიკის ყოფილი მინისტრისგან მტკიცე უარი მიიღო.
|