ინტერვიუ "ადვოკატთა ასოციაციის" ეთიკის კომისიის თავმჯდომარესთან ირაკლი კორძახიასთან.
- ბატონო ირაკლი, რაში მდგომარეობს ეთიკის კომისიის ფუნქცია და ზოგადად, რატომ არის მნიშვნელოვანი მისი არსებობა?
- ეთიკის კომისია მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მნიშვნელოვანია ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი და ამ კოდექსის იმპლემენტაცია. ადვოკატთა ეთიკის კოდექსის მიღების აუცილებლობა თვითონ ადვოკატის პროფესიიდან გამომდინარეობს. ადვოკატს საზოგადოების წინაშე გარკვეული ვალდებულებები აკისრია. ის მართლმსაჯულების ისეთივე მსახურია, როგორც მოსამართლე და პროკურორი. ადვოკატის გარეშე მართლმსაჯულების განხორციელება შეუძლებელია. შესაბამისად, იმის გამო, რომ ადვოკატს უფრო მეტი ვალდებულებები აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ მეწარმეს, საჭიროა, ის უფრო მაღალ სტანდარტს დაექვემდებაროს. ამან გამოიწვია ადვოკატისთვის სპეციფიური დამატებითი ვალდებულების შემცველი ეთიკის კოდექსის მიღების აუცილებლობა. ადვოკატთა საერთო კრებამ იგი 2006 წელს მიიღო. ეთიკის დღევანდელი კოდექსი არ არის იდეალური. მე პირადად ამ კოდექსში ბევრი რამ არ მომწონს, თუმცა ის მინიმალურ სტანდარტს ქმნის, რომ ადვოკატი ამ მისი პროფესიიდან გამომდინარე, ზნეობრივ პასუხისმგებლობას შეესაბამებოდეს და ისე იქცეოდეს, როგორც მართლმსაჯულების მსახურს შეეფერება. ეთიკის კოდექსის თანახმად, ადვოკატის უზენაესი ვალდებულებაა კლიენტის უფლებების დაცვა, მაგრამ ეს პრინციპიც კი შეზღუდვას ექვემდებარება, როცა საქმე სხვა კლიენტის ან მართლმსაჯულების ინტერესს ეხება. მაგალითად, ადვოკატს უფლება არ აქვს, მტკიცებულებები გააყალბოს, მოწმეს ჩვენება უკარნახოს, სასამართლოს წინასწარი შეცნობით ტყუილი უთხრას და ა.შ., თუნდაც ეს რომელიმე ქმედება კლიენტის ინტერესებს ემსახურებოდეს. თუ ადვოკატი ამ ვალდებულებას დაარღვევს და სხვა პირს ზიანს მიაყენებს, რომელიც შემდეგ პრეტენზიებს წარადგენს, საქმეში ეთიკის კომისია ერთვება. დისციპლინარული წარმოების მიზანია, ადვოკატი აიძულო, თავისი ეთიკური ვალდებულებები შეასრულოს. აღნიშნულ კომისიას ამისთვის დისციპლინარული სახდელის დადების უფლება აქვს, რომელიც სამი სახისაა: ადვოკატის გაფრთხილება, ექვსიდან სამ წლამდე ვადით ადვოკატობის უფლების ჩამორთმევა და ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეწყვეტა. მაგრამ უფრო მსუბუქი დარღვევისთვის არსებობს ასევე დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებები. მათგან ძირითადია ადვოკატისადმი კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა, რომლის შინაარსი კონფიდენციალურია. ადვოკატს მიენიშნება, თუ რა დაარღვია და რა უნდა გააკეთოს, რომ მომავალში არ დაარღვიოს ეთიკური მოვალეობები. თუ დარღვევა განმეორდება, ეთიკის კომისია სავარაუდოდ, უფრო მკაცრ ღონისძიებებს გაატარებს, რომლებიც უკვე ვახსენე.
ეთიკის კომისია ადრეც მუშაობდა და ძალიან ბევრი საქმე გააკეთა. წინა არჩევის კომისიამ 2005-დან 2008 წლის განმავლობაში 92 საჩივარი განიხილა. 2009 წლის განმავლობაში ეთიკის კომისიას უფლებამოსილება შეუწყდა, რაც კანონში ცლილებებს უკავშირდებოდა. პარლამენტს წარვუდგინეთ ცვლილებები, რომლის თანახმადაც ეთიკის კომისიის წევრთა რაოდენობა 9-დან 15-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, საზოგადოებაში ნდობის ამაღლების და საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელების მიზნით ეთიკის კომისიაში 3 წარმომადგენელი უშუალოდ საზოგადოებიდან შეირჩა და ისინი არ არიან ადვოკატები. ეს ახალი ინიციატივაა, ადრე ეს მექანიზმი არ არსებობდა.
- ვინ არის ის სამი პიროვნება, რომელიც ეთიკის კომისიის შემადგენლობაში საზოგადოებიდან მოხვდა და საერთოდ, რა კრიტერიუმებით ირჩევიან ეთიკის კომისიის წევრები?
- ისინი არიან ზურაბ ძლიერიშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მარინა კვაჭაძე, სამართლის დოქტორი და პროფესორი და იური ვაზაგაშვილი, პროფესიით ეკონომისტი. არსებობს ეჭვი, რომ ადვოკატი ადვოკატის წინააღმდეგ არაფერს მოიმოქმედებს, ამიტომაც ეს ადამიანები საზოგადოების თვალია ეთიკის კომისიაში. ეთიკის კომისიის ადვოკატი წევრები კი, ჩემს გარდა, გიორგი ბეგიაშვილი, კობა ბოჭორიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, დავით კაკაბაძე, არჩილ კბილაშვილი, გიგა კვერენჩხილაძე, დათუნა მოდებაძე, ემზარ პაქსაძე, ლავრენტი ქავთარაძე, ცირა შუბითიძე და კახაბერ წერეთელი არიან.
რაც შეეხება კრიტერიუმებს, რომლის მიხედვითაც ეთიკის კომისიის წევრები ირჩევიან, ისინი საკმაოდ მკაცრია. წევრისთვის დაწესებულია ასაკობრივი და პროფესიული ცენზი. ის 30 წელს უნდა იყოს მიღწეული, 5 წლის პროფესიული სტაჟი უნდა ჰქონდეს და არ უნდა იყოს ნასამართლევი.
- ვის და რა შემთხვევაში შეუძლია, მიმართოს ეთიკის კომისიას?
- ეთიკის კომისიას შეუძლია, მიმართოს ნებისმიერმა მოქალაქემ, ასევე პროკურატურის ორგანომ და სასამართლომ, სხვა დაინტერესებულმა პირმა, რომელიც თვლის, რომ ადვოკატმა ეთიკის კოდექსი ან ადვოკატთა შესახებ კანონით დადგენილი ვალდებულება დაარღვია. მას შემდეგ, რაც ეთიკის ახალმა კომისიამ დაიწყო მუშაობა, უკვე არაერთი საჩივარი შემოვიდა. გამომდინარე აქედან, ჩვენ ვთვლით, რომ ამ ორგანოს არსებობა აუცილებელია.
- ძირითადად რა სახის საჩივრები შემოდის ეთიკის კომისიაში და რა დრო სჭირდება თითოეული მათგანის განხილვას?
- ძირითადად, საჩივრებში კლიენტი თავის ადვოკატს იმის გამო უჩივის, რომ ადვოკატმა მის მიმართ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა. ის რომ ადვოკატმა საქმე წააგო, არ არის დისციპლინარული დევნის დაწყების საფუძველი, მაგრამ თუ ადვოკატი კლიენტს საქმის შედეგთან დაკავშირებით გარანტიას აძლევს, ეს დისციპლინარული დევნის საფუძველია, რადგან ეთიკის კოდექსით აკრძალულია. ადვოკატი ასევე შეიძლება, დაექვემდებაროს დევნას, როცა საკმარის დროს და ყურადღებას არ უთმობს საქმის წარმართვას. ეთიკის კომისიაში არსებობს საპროცესო და განხილვის კოლეგიები, რომლებშიც სამ-სამი წევრია. საქმეს ჯერ საპროცესო კოლეგია იხილავს. რაც შეეხება დროს, საპროცესო კოლეგიას განხილვისთვის 30 დღე აქვს. ამ დროის მანძილზე კოლეგია მხარეების პოზიციებს ისმენს, განსაზღვრავს, ხომ არ არის გასული ხანდაზმულობის ვადა, წარმოადგენს თუ არა საჩივრის რესპონდენტი ადვოკატს, ვინაიდან ეთიკის კოდექსი მხოლოდ ადვოკატებზე ვრცელდება, იკვლევს, არის თუ არა საჩივრის ავტორის მიერ მოყვანილი გარემოებების დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები და თუ ადვოკატის ქმედება დამტკიცდა, ირღვევა თუ არა ამ ქმედებით ეთიკის კოდექსი ან კანონი. თუ კოლეგია ჩათვლის, რომ დისციპლინარული დევნის აღსაძრავად საკმარისი საფუძველი არსებობს, საქმეს განხილვის კოლეგიას გადასცემს, რომელიც ფაქტობრივ გარემოებებს ადგენს და არსებითად წყვეტს საქმეს. განხილვის კოლეგიას უკვე 50 დღე აქვს, რომ საქმის შესწავლა დაასრულოს და შედეგად ან შეწვიტოს იგი, ან ადვოკატს დისციპლინარული სასჯელი დააკისროს. საქმის განხილვისას ადვოკატი უზრუნვეყოფილია შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე ყველა უფლებებით, ხოლო თვითონ კოლეგიის სხდომა დახურულია, მოპოვებული მასალები - კონფიდენციალური. ადვოკატს შესაძლებლობა აქვს, ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს. ვინაიდან ადვოკატის ეთიკის კოდექსს უმაღლეს დაწესებულებებში სამწუხაროდ, ნაკლები დრო ეთმობა, ან საერთოდ არ ეთმობა, ადვოკატთა გარკვეულმა ნაწილმა არ იცის კოდექსის მოთხოვნები და შესაბამისად, არც ის, რა ვალდებულებები აქვთ მათ. შეიძლება, სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ორასამდე ადვოკატი დღესდღეობით დაკავებულია. ჩვენი მიზანია ორი მიმართულებით მოქმედება: 1. აღმასრულებელ საბჭოსთან ერთად გაგრძელდეს და გაფართოვდეს ეთიკის წინაკომისიის პერიოდში დაწყებული ტრენინგები, სადაც ადვოკატები ეთიკის კოდექსის მოთხოვნებს შეისწავლიან და 2. კომისიამ განიხილოს საქმეები და კოდექსის დამრღვევ ადვოკატებს გაუჩნდეთ იმის რწმენა, რომ კოდექსის დარღვევას დისციპლინარული სახდელი მოყვება. ეს თავისთავად პრევენცია იქნება იმისა, რომ ადვოკატმა მომავალში სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაიდინოს. ეთიკის კომისია ეცდება, დაამყაროს კომუნიკაცია შესაბამის ადვოკატებთან და აიძულოს ისინი, ეთიკის კოდექსი დაიცვან. აღსანიშნავია, რომ ადვოკატების შესახებ კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ყველა ადვოკატისთვის სავალდებული გახდა განგრძობადი იურიდიული განათლება. ანუ, ყველა ადვოკატმა აღმასრულებელი საბჭოს მიერ დადგენილი წესებით, წელიწადში გარკვეული საათების განმავლობაში უნდა ისწავლოს. ეთიკის კომისია აღმასრულებელ საბჭოსთან იშუამდგომლებს, რომ ამ სავალდებულო სწავლებაში ეთიკის კომპონენტი ჩაერთოს.
- კიდევ რა შედის ეთიკის კომისიის სამომავლო გეგმებში?
- ეთიკის კომისიამ მუშაობა ამა წლის იანვრიდან დაიწო. დამტკიცებულია სამუშაო გეგმა, რომელიც 2010 წლისთვის დისციპლინარული წარმოების არსებული პრაქტიკის შესწავლასა და განზოგადებას, უკვე შემუშავებული საპროცესო ფორმების შემდგომ დახვეწას, ეთიკის კომისიისადმი მიმართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას (რათა მოქალაქემ იცოდეს, რა საკითხებს განიხილავს ეთიკის კომისია და როგორ უნდა მიმართოს მას), ეთიკის კოდექსზე მომუშავე ჯგუფის ჩამოყალიბებას, დისციპლინარული სამართალწარმოების დებულების ცვლილებებზე მუშაობას, ეთიკის საკითხებში სემინარების ორგანიზებას და ადვოკატების ინფორმირებულობისთვის ეთიკის კოდექსის კომენტარის ან მოკლე სახელმძღვანელოს გამოცემის ხელშეწყობას ითვალისწინებს. ამ საკითში უცხოელი ექსპერტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარების იმედი გვაქვს, იმიტომ, რომ ჩვენი ბიუჯეტი ძალიან მცირეა. გვსურს, ადვოკატებმა არა მარტო წაიკითხონ ეთიკის კოდექსი, არამედ გაიგონ, თუ როგორ განიმარტება არსებული პრაქტიკით და საერთაშორისო გამოცდილებით მისი თითოეული მუხლი. როცა თავისი ვალდებულებები ყველას ზედმიწევნით ეცოდინება, იმედი გვაქვს, კოდექსს აღარ დაარღევენ. იმედია, მომავალში საადვოკატო ეთიკის საკითხებს ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტებშიც შეიტანენ, რომ პროფესიაში შემოსულმა პირმა იცოდეს მისი მოვალეობები.
- თქვენ აღნიშნეთ, რომ 2006 წელს მიღებული ეთიკის კოდექსი იდეალური არ არის. იგეგმება თუ არა რაიმე ცლილებები ამ მიმართულებით და როდისთვის?
- ცვლილბები მოსალოდნელია. ჯერ კიდევ ეთიკის წინა კომისიის წევრებმა ბ-ნ გიორგი ტურაზაშვილის ხელმძღვანელობით ეს ცვლილებები შეიმუშავეს და ჩვენ ვაპირებთ, აღმასრულებელ საბჭოს მივმართოთ, რათა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც სავარაუდოდ, მონაწილეობას ეთიკის კომისიის ძველი წევრებიც და სხვა დაინტერესებული ადვოკატები მიიღებენ. სავარაუდოდ, ერთ წელიწადში ეს ცვლილებები გვექნება. ეთიკის ახალი კოდექსი, რომელიც ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებამ უნდა დაამტკიცოს, შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან.
- და ბოლოს, რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ადვოკატი, რომ ის წინააღმდეგობაში არ მოვიდეს ეთიკის კოდექსთან?
- ეთიკის კოდექსით განსაზღვურლია გარკვეული პრინციპები. ესენია: დამოუკიდებლობის პრინციპი, კლიენტის ინტერესების პრიორიტეტულობა, კონფიდენციალურობის პრინციპი, ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობა, კოლეგიალურობა. ადვოკატი ამ ვალდებულებებს უნდა იცავდეს. ჩემს პრაქტიკაში მინახავს, რომ ადვოკატი არღვევდეს კოლეგიალურობის პრინციპს და არ ავლენდეს საკმარის პატივისცემას კოლეგასთან მიმართებაში. ხანდახან ინტერესთა კონფლიქტის პრინციპის დარღვევასაც შევსწრებივარ, ანუ, როდესაც ორი კლიენტის ინტერესები ურთიერთს კვეთს, ადვოკატმა ერთ-ერთ მათგანთან ან ორივესთან თანამშრომლობაზე უარი უნდა თქვას და ეს არ გაუკეთებია. კლიენტის ინტერესები ადვოკატის ინტერესებზე მაღლა უნდა იდგეს. მაგალითად, თუ ადვოკატი ხედავს, რომ კლიენტის ინტერესებში მორიგებაა, მან პროცესი უნდა დაასრულოს მორიგებით, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატის ინტერესებში შესაძლოა, შემდგომ ინსტანციებში საქმის გაგრძელება შედიოდეს თუნდაც ინსტანციის მიხედვით მისაღები ანაზღაურების გამო. ხანდახან ირღვევა კლიენტისთვის ადვოკატის მომსახურების ხარჯების წინასწარ შეტყობინების პრინციპიც. ადვოკატი ვალდებულია, ხელშეკრულება გააფორმოს და წინასწარ აცნობოს კლიენტს, რა დაუჯდება მას ადვოკატის მომსახურება და არა ფაქტის წინაშე დააყენოს იგი. ზოგჯერ ადვოკატი აიღებს საქმეს და მერე აღმოჩნდება, რომ მას ამისთვის საკმარისი დრო არ აქვს, შედეგად კი კლიენტის ინტერესები ზიანდება. ზოგჯერ ადვოკატი სასამართლო პროცესზე არ ცხადდება... არის უამრავი სხვა დარღვევაც, რომელიც ზოგჯერ - ნებსით, ზოგჯერ კი უნებლიედ ხდება მხოლოდ იმის გამო, რომ ადვოკატმა ზედმიწევნით არ იცის ეთიკის კოდექსი, რომელიც თვითონ ადვოკატების მიერაა დამტკიცებული. მე თვითონ უნივერსიტეტში, იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურაში ლექციების ჩატარებისას აღმოვაჩინე, რომ მაგისტრანტების მხოლოდ 10-20%-ს აქვს წაკითხული ადვოკატთა ეთიკის კოდექსი. ადვოკატებისთვის მსგავსი გამოკითხვა არ ჩაგვიტარებია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მათში ეს პროცენტული მაჩვენებელი ბევრად მაღალი იქნება. თუმცა სასურველია, ის 100% იყოს და ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის.
ნინო ჩიჩუა
საინფორმაციო სააგენტო "პირWელი"
|