გუშინ საქართველოს ჩემპიონატის ფლეი ოფის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა.
რუსთავის "მეტალურგმა" სეზონის ბოლო შეხვედრაში ფოთში "კოლხეთს" დამაჯერებლად სძლია და პირველი ადგილი გაინაღდა. ყოველ შემთხვევაში, აღმასკომის სხდომამდე ჩემპიონატის გამარჯვებულად "მეტალურგი" უნდა მივიჩნიოთ.
"ფაზისზე" შეხვედრა ისე დაიწყო, რუსთაველები უკეთესს ვერ ინატრებდნენ. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ მასპინძლები ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ. ჯერ გუნდის კაპიტანმა გივი კვარაცხელიამ გამოიჩინა თავი. სხვათაშორის, ეს ფეხბურთელი უკვე მეორე მატჩია, რაც მოედანს უგოლოდ არ ტოვებს და მიუხედავად იმისა, რომ ამპლუით მცველია, სეზონში უკვე ოთხი გოლი მოუგროვდა.
მეორედ მასპინძელთა კარი ირაკლი სიხარულიძემ აიღო. მას უმაღლესი ლიგის გუნდებში აქამდეც უთამაშია ("დინამო", "ვიტ ჯორჯია"), მაგრამ ძირითადის ფეხბურთელად რუსთავში იქცა და მწვრთნელების იმედს აშკარად ამართლებს.
"მეტალურგის" მარცხენაფლანგელი რევაზ გეწაძეზე მოედანზე აშკარად საუკეთესო იყო და ფოთელ უკანახაზელებს არაერთი თავსატეხი შეუქმნა. საბოლოოდ "მეტალურგმა" დამსახურებულად გაიმარჯვა (0:2) და მატჩის შემდეგ თავის ქომაგებთან ერთად საჩემპიონო ზეიმიც მოაწყო.
გაზეთი "ოლიმპი"